მარიამ ნებულიშვილი
06.09.2020

„ის ყოველთვის იქნება იმასთან, ვინც უმრავლესობაშია, რადგან უმრავლესობაში ყოფნა მისთვის არის მისი ბიზნესის „დაკრიშვა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის მიერ გაერთიანებასთან „ძალა ერთობაშია" შეთანხმების გაფრომებას.

ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა მმართველი გუნდიდან წამოსვლის შემდეგ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლება" დააარსა. 4 სექტემბერს კი პოლიტიკურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკად მიიღებენ მონაწილეობას.

ძაბირაძის თქმით, რეალურად ოქრიაშილი არც ერთი პარტიის წევრი არაა და მისი ერთადერთი მიზანი მაჟორიტარობის მანდატის მოპოვებაა, რათა თავისუფლად მართოს საკუთარი ბიზნესები.

„საქმე ისაა, რომ კახა ოქრიაშვილი არც „ნაციონალური მოძრაობისაა", არც „ქართული ოცნების", არც „ევროპული საქართველოსი" და თუ ჩემი შეფასება გაინტერესებთ, არც პარლამენტის დეპუტატი არ არის. ის არის თავის თავის დეპუტატი, რაც მას აწყობს იმას აკეთებს. ერთადერთი, რაც შეიძლება თქვა, გარკვეულწილად პრინციპულია და ეს პრინციპულობაც მისი პირადი ინტერესიდან გამოდის და არა ქვეყანაზე ზრუნვისგან.

„პრინციპულობა გამოიხატება იმაში, რომ მუდმივად საუბრობდა მაჟორიტარული სისტემის აუცილებლობაზე. ამაზე იმიტომ ლაპარაკობდა, რომ ასჯერ რომ ეყარა ჯენჭი, დმანისში ასჯერვე გაიმარჯვებდა.

„ყოველთვის იქნება იმასთან ვინც უმრავლესობაშია, რადგან უმრავლესობაში ყოფნა მისთვის არის საკუთარი ბიზნესის „დაკრიშვა", მაპატიეთ ამ გამოთქმითვის. არანაირ ტენდენციას ეს არ წარმოადგენს", - თქვა ძაბირაძემ.

მისივე შეფასებით, ოქრიაშვილის და „ძალა ერთობაშიას" შეთანხმება პრაგმატული გადაწყვეტილებაა და რაიმე იდეოლოგიურ ბაზისს არ ეფუძნება.

„ძალიან პრაგმატულად გათვალა, როგორც მან, ასევე ჩოჩელმა. თუ მათ „ქართული ოცნება" არ უჭერთ მხარს, მაშინ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მძრაობას". პრობლემა ისაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „ძალა ერთობაშიასაც" იმ მხარეში, სადაც ოქრიაშვილი იყრის კენჭს, პრობლემები აქვთ, კანდიდატი არ ჰყავთ, ამიტომ, ორივე მხარემ მიიღო ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება.

„ახლა აქ იდეებზე და პატრიოტიზმზე ლაპარაკი არაა, რა თქმა უნდა. კახა ოქრიაშვილი მათ მოუტანს ხმებს. მხოლოდ დმანისში რომ ყოფილიყო, ის კენჭს ალბათ დამოუკიდებლად იყრიდა. მაგრამ, რადგანაც ახლა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქია, ამას მარტო ვერ გაწვდება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" რესურსს გამოიყენებს", - აღნიშნა მან.

კახა ოქრიაშვილი აქტიურად გამოდიოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ. ძაბირძის თქმით, ოქრიაშვილი არასოდეს იყო ამბოხებული დეპუტატი, ის მუდმივად აფიქსირებდა თავის სიმპატიას მაჟორიტარული სისტემის მიმართ. მისი თქმით, ოქრიაშილი მმართველი გუნდისგან ამის გამო დაწინაურებას არ ელოდა. მისი ერთადერთი ინსტერესი მაჟორიტარის მადატის მოპოვება იყო.

„ოქრიაშვილის ინტერესი, თუ რატომ არის ის მაჟორიტარული სისტემის მომხრე, ძალიან ნათლად იკითხებოდა. ის არ ყოფილა „ამბოხებული დაპუტატი". ის მუდმივად აფიქსირებდა თავის აზრს. არ ამბოხებულა, მან თქვა, რომ ვითომ არის პრინციპული, მაგრამ პრინცილობის მიღმა დგას მისი პირადი ინტერესი და არა ქვეყნის - ეს არის მთავარი.

„მე მეეჭვება, რომ რომელიმე მიმართულების ხელმძღვანელობა ან დაწინაურება სდომოდა „ქართული ოცნებისგან". კიდევ ერთხელ ვიომეორებ - მას უნდა მაჟორიტარის მანდატი, რომ უზრუნველყოს საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოება. იბრძვის ამისთვის და არაფრისთვის სხვისთვის", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×