მარიამ ნებულიშვილი
06.09.2020

„პროგრამების მთავარი ფუნქცია არის არა მარტო შედეგის ჩვენება, თუ რა უნდათ, არამედ რამდენად რეალისტურია და როგორ აპირებენ პარტიები მიღწევას ძირითადი კონცეფციის დონეზე", - ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს" მიერ წარდგენილ „მარშალის გეგმა" - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას".

პროგრამის პრეზენტაცია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 5 სექტემბერს გამართა. ეს გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციაზე „ლელოს" იდეებსა და დაპირებებს მოიცავს.

როგორც არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" ამბობს, „ლელოს" პროგრამა რამდენიმე საინტერესო საკითხს მოიცავს, თუმცა ზედაპირულია და დამატებით განმარტებებს, სამოქმედო გეგმების წარმოდგენას საჭიროებს. გამზარდიას თქმით, ერთია წარმოდგენილი პროგრამა და მეორე მისი განხორციელება.

„ჩვენ არ ვართ შეჩვეული იმას, რომ პროგრამებში რაღაც კონცეპტუალური დევს. ძირითადად სულ სადღეგრძელოებს ვიღებთ. „ლელოს" პროგრამას რასაც შევხედე, ამ მხრივ შედარებით განსხვავებულია, იმიტომ, რომ მასში იკვეთება გარკვეული ხედვები სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, აქაც ძალიან ბევრი რამ შედეგზეა ორიენტირებული და არა შესრულების ინსტრუმენტებზე. პროგრამების მთავარი ფუნქცია არის არა მარტო შედეგის ჩვენება, თუ რა უნდათ, არამედ რამდენად რეალისტურია და როგორ აპირებენ პარტიები მიღწევას ძირითადი კონცეფციის დონეზე.

„აქ არის რამდენიმე ძირითად თემაზე საუბარი, რომლებიც საერთო ჯამში ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს. გვახსოვს „ქართული ოცნების", „ნაციონალური მოძრაობის" პროგრამები, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ისინი. თუმცა, ამგვარ პროგრამებს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე, იმიტომ, რომ ოპოზიციიდან ეს ყველაფერი სხვაგვარად მოსჩანს, მაგრამ როდესაც პარტია ხელისუფლებაში მოდის, ამის შესრულებისგან თავს იკავებს. როგორც კი ნახულობენ, რომ ეს რესურსები ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს და არა მხოლოდ სახელმწიფომ, მაშინვე ავიწყდებათ პროგრამები. გარკვეული სკეპტიციზმი „ლელოს" პროგრამის გაცნობისას მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ბუნებრივია, მიჩნდება", - ამბობს გამზარდია.

რაც შეეხება პროგრამის დეტალებს, გამზარდიას შეფასებით, „ლელოს" რამდენიმე ისეთი საკითხი აქვს წამოყენებული, რომლებიც, როგორც წესი, პარტიების პრიორიტეტებს მიღმა რჩება.

„საინტერესო თემაა გარკვეული ცენტრების შექმნა - ეს იქნება ლოჯისტიკა, თავისუფალი ბაზარი და ა.შ. იმისათვის, რომ მე, როგორც ამომრჩეველს, მეტი ბიძგი მომეცეს ხმის მისაცემად, საინტერესო იქნებოდა რა ძირითადი შესაძლებლობით გეგმავენ ამ ყველაფერს. ახლა შეიძლება ნებისმიერი მიმართულების ცენტრად გადაქცევა მოვინდომოთ და საინტერესო იდეები გამოვთქვათ, მაგრამ აქ საუბარია განხორციელების პერსპექტივაზე, რომელიც აქედან არ ჩანს.

„აქ არის უმუშევრობის თემა, მინიმალური ხელფასი და ა.შ., რაც ზოგადად სადაო თემებია. როდესაც ადრე იყო მინიმალურ ხელფასზე საუბარი, ძირითადად ერთ სისტემაში აქცევდნენ ხოლმე პროცესებს. ამიტომ, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, როდესაც მსჯელობენ მინიმალურ ხელფასზე, ამას კიდევ უფრო სხვა გაშლა სჭირდება, რაც პროგრამაში წარმოდგენილი არ არის.

„საინტერესო იდეაა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულება. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ამაში უცხოური სახელმწიფოების რესურსის მოზიდვა, ეს ცალკე თემაა, უსაფრთხოების საკითხია სადავო.

„ანაკლიის თემა ზოგადად ხაზარაძეს უკავშირდება, ამ მხირვ, შეიძლება ვირწმუნოთ კიდეც ანაკლიის თემის გაშლის მოტივაცია „ლელოსგან" და ეს მისაღები იქნება კიდეც.

„გარდა ამისა, ამპროგრამაში ლაპარაკია ემიგრანტებთან დაკავშირებით. კარგია, რომ ეს გარკვეულ პრიორიტეტად გამოიხატა, მაგრამ მე ამას სიმბოლურ ფაქტს ვუწოდებდი, რაც დადებითია, იმიტომ, რომ ნაკლებ მნიშვნელოვნად უყურებენ პოლიტიკური სუბიექტები ამ საკითხს. თუმცა, აქაც რაღაც გარკვეული გაშლაა საჭირო, რომ პრინციპი გავიგოთ - როგორ და რანაირად აპირებს პარტია თუნდაც მართვის რეჟიმში ამ ყველაფრის განხორციელებას.

„მომეწონა პროფესიული ჯარის თემა, რომელზედაც აქცენტი გააკეთა „ლელომ". ამაზე ზოგადად მსჯელობა უკვე წლებია მიდის, მაგრამ კარგია, რომ პრიორიტედან ეს ფორმა აარჩია და არა ის, რაც ამჟამად მოქმედებს.

„ასევე, ექსპორტის თემაა ძალიან საინტერესო, თუმცა, აქაც მეტი გაშლაა საჭირო, იმიტომ, რომ სალაპარაკოდ მარტივია - საქართველო უნდა იყოს ექსპორტის ქვეყანა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს და საბოლოოდ ხელისუფლებები ამას თავს ანებებენ. ჩემთვის ის უფროა საინტერესო, ამ პრობლემის გადაჭრის გზებში რას ხედავს. რომელიმე პარტია წინააღმდეგი იქნება, რომ საქართელო იყოს ექსპორტის ქვეყანა? ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ის დამაჯრებლობა, რომ ამომრჩეველმა დაინახოს რამდენად რეალური ძალისხმევით ცდილობენ ამას.

„კულტურის მიმართულებაც საინტერესოა, ასევე ამ თემას პოლიტიკური სუბიექტები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, როგორც პრიორიტეტულ საკითხს და ის, რომ „ლელომ" ძირითად კონცეფციაში შეიტანა კულტურასთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან საინტერესო და მისაღებია.

„დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვის ფორმაც, როგორც სიმბოლური აქტი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ამას ძალიან ნაკლებად ექცევა ყურადღება და მხოლოდ ულტრაკონსერვატული ჯგუფები თუ საუბრობენ ხოლმე. ამ ტიპის პარტიამ რომ ამაზე გააკეთა აქცენტი, საინტერესოა. აქაც არ ჩანს განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები და გეგმები.

„ამ პროგრამის მთავარი მიმზიდველი ფაქტორი, ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის არის ის, რომ ისეთი თემებია წამოწეული წინ, რომელიც, როგორც წესი, პოლიტიკურ სუბიექტებს არ ახსოვთ ხოლმე. შეიძლება ბევრი არარელისტური და ნაკლებად განხორციელბადი თემაა, მაგრამ მათი წინ წამოწევა პოლიტიკური სუბიექტის მხირიდან დადებითი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამომრჩეველი ყურადღებას გაამახვილებს ამ საკითხზე, სხვა პარტიებიც დააყენებენ მათ დღის წესრიგში", - თქვა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×