რეზონანსი
07.09.2020

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ყოფილ გამომძიებელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოზარდს თვითმკვლელობამდე, ჩვენების მიცემა აიძულეს.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჩოლოიანი გამართლდა ლუკა სირაძის თანაკლასელის ეპიზოდში. ამ შემთხვევაში გამომძიებლის მხრიდან დანაშაულის ნიშნები მოსამართლემ ვერ დაინახა.

რაც შეეხება პირველ გამოხმაურებებს, სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა და მხარეს სარეზოლუციო ნაწილი არ ჩაბარებია, თუმცა პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მაქსიმალური სასჯელის მოთხოვნის მიზნით, ეს გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდეს.

წინასწარ არის ცნობილი, რომ თავად მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გეგმავს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს. გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთანავე, მისი თქმით, ბრალდება დასაბუთებული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო მხოლოდ ერთი ადამიანის, გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედის ჩვენებას ეყრდნობა, რაც მისი თქმით, არის მხარე.

ასევე, ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს პირველად გაახმაურა, რომ ლუკა სირაძე სიცოცხლისთვის საშიში ტრავმების მიღების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ეს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებისთვის და სირაძის ოჯახის უფლებადამცველებისთვის მიუღებელი არგუმენტია.

"განაჩენი, რომელიც გამოცხადდა ეს უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური და სამართლიანი, გულისხმიერი, რასაც სასამართლოს ავალდებულებს კანონმდებლობა. თ.ზ.-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოიანი და გარდაცვლილი ლუკა სირაძის ნაწილში გამტყუნდა, სადაც ბრალდების სახელმძღვანელოდ ბოლო წუთამდე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც კი დადასტურდა, რომ ბრალდების სახელმძღვანელოდ იყო დაზარალებული დედის ჩვენება.

თუნდაც იმ ფაქტს, რომ ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არავის არასოდეს კომენტარი არ გაუკეთებია, ეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება ამ შემთხვევაში გასაჯაროებული," - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×