
მსოფლიოში გარკვეულ ქვეყნებში კორონავირუსული შემთხვევების ზრდის გამო სასწავლო წლის დაწყება გადაიდო, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში კოვიდ შემთხვევების რიცხვი აპრილის თვის რიცხვს გაუტოლდა, თუმცა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სწავლის დაწყების თარიღი არ გადაიდება.
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება, ხოლო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს სრულად მობილიზება დაევალათ.
როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, მშობლებმა ბავშვები სკოლაში მხოლოდ ეპიდწესების სრული დაცვით უნდა გაუშვან, რადგან ამ შემთხვევაში ვირუსის გადადების, ან დავირუსიების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
„მშობლებმა ბავშვები სკოლებში რომ არ გაუშვან, უფრო უარესს მივიღებთ, უნდა ვნახოთ, ვცადოთ მაინც, მთავარია, რომ ყველა ის ეპიდწესი სწორად იყოს დაცული, რომელიც სახელმწიფოსა და ეპიდსამსახურის მიერაა მოწოდებული.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გადადების თვალსაზრისით ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციაა - თუ ბავშვი თავდაცვას სწორად უზრუნველყოფს, ხელი სწორად დაიბანა, პირზე სწორად აიფარა და დისტანცია დაიცვა, ამით ამ ინფექციისგან 99% თავს დაიცავს და თუ ეს მოხერხდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის სკოლაში გაშვება" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თუ სკოლის შენობებში ეპიდსიტუაციის კონტროლი არ მოხდება ვირუსი გავრცელდება, რამაც შესაძლოა სწავლის პროცესი შეაფერხოს.
„თუ საქართველოს სკოლებში ეპიდსიტუაციის კონტროლი არ მოხდება, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელება მოხდება. ინფექციის კერაზეცაა დამოკიდებული, თუ კერა არ გაჩნდა, ადამიანმა პირბადე სულ რომ არ გაიკეთოს, იმას არაფერი არ დაემართება. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ სკოლაში ინფიცირებული ბავშვი რამდენად მოხვდება და რამდენად იქნებიან შენობაში ხალხი დაცული.
„ამ დაავადების წინააღმდეგ ჩვენ ჯერ არაფერი არ გაგვაჩნია - არც წამალი და არც აცრა. შესაბამისად, ჩვენ იმითი უნდა ვებრძოლოთ, რაც გვაქვს - საბანი ისე უნდა დავიფაროთ როგორც გაგვწვდება და ამიტომ კარგად უნდა ვეცადოთ, რომ თავი დავიცვათ. პირველ რიგში ეპიდსაშუალებები ვიხმაროთ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ჩავატაროთ და შეგნებამდე დავიყვანოთ თითოეული ბავშვიც კი, რომ მან ეს წესები უნდა დაიცვას" - განაცხადა მან.
საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ იმსჯელეს. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და სხვა რეკომენდაციების დაცვით უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არაა, რაზეც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ არასწორია, რადგან კვლევის თანახმად კორონავირუსით დაინფიცირება მცირეწლოვნებშიცაა.
„ეს სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცი რატომ, მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. მეორე მომენტი ისაა, რომ სკოლებში უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით მცირეწლოვნები არიან და ინფექცია უფრო ხშირად დიდი ასაკის ადამიანებს ემართებათ. მაგრამ არის კვლევები, რომ ბავშვებში კორონავირუსი კავასაკის სინდრომით მიმდინარეობს და საკმაოდ რთულადაც, ამიტომ ეს გადაწყვეტილება სწორად არ მიმაჩნია" - განაცხადა ხმალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, თუმცა პროცესმა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. მაგალითისთვის, „სიენენის" ინფორმაციით, აშშ-ის ალაბამას უნივერსიტეტში სწავლა ერთი კვირის წინ 19 აგვისტოს დაიწყო, თუმცა ერთი კვირის შემდეგ უნივერსიტეტში 600 მდე კოვიდშემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.