რით განსხვავდება „ღირსეული პარტნიორი 2020“ წინა სწავლებებისგან
მარიამ ნებულიშვილი
07.09.2020

"ღირსეული პარტნიორი 2020-ის" ფარგლებში საქართველოში სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძლიერი ჯავშანტექნიკა იქნა შემოტანილი. გემებით შემოსული ჯავშანტექნიკა ფოთის პორტიდან საჰაერო და სახმელეთო გზებით გადაიტანეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ერთობლივი წვრთნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, მოეწყო ვერტმფრენებიდან დაშვების მანევრებიც.

7 სექტემბერს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020" IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. „რეზონანსი" თემასთან დაკავშირებით სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს" მეხუთედ მასპინძლობს. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია".

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილის ,,რეზონანსთან" ამბობს, წლევანდელი სწავლება წინა სწავლებებისგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ წელს სწავლება „კავკაზ 2020"-ს ემთხვევა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმართება.

„მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები ადრეც გამართულა, წელს მეხუთედ იმართება საქართველოში. განსხვავება ძირითადად ისაა, რომ ამავე ეტაპზე იმართება რუსეთის ფედერაციის „კავკასია 2020" ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე - სომხეთში.

"ჩვენი სწავლების დასაწყისი ემთხვევა დროში რუსეთის სწავლებას. ეს ორი სწავლება არ უნდა განვიხილოთ როგორც დაპირისპირება. საქართველოს სწავლებაში 2700 კაცი იღებს მონაწილეობას, მაშინ, როდესაც რუსეთში ეს სწავლება წარმოადგენს სტრატეგიულ დონეს, სამეთაურო საშტაბო სწავლებას, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 15 000-იც შეიძლება იყოს, რაც რუსეთის მასშტაბებიდან გამომდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ცუდია ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ სწავლებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორაზე ატარებს. ჩვენ შეიძლება ჩვენთვის არასასურველი პარალელი გავავლოთ, მაგრამ არც არარეალური, როდესაც 2008 წლის 31 ივლისს დასრულდა ის მრავალეროვანი სწავლება, რომელიც იმართებოდა საქართველოში და რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.

"დაახლოებით ერთ კვირაში, 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ზუსტად მაშინაც, 2008 წელს, რუსეთი ატარებდა ჩრდილოეთ კავკასიაში „კავკასია 2008" სწავლებას. მაგრამ დღეს ამ პარალელის გავლება არ იქნება იმ გაგებით.

"მაშინ იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, დღეს ეს დაძაბულობა, საბედნიეროდ, არ არის იმ დონის, რომ რუსეთმა გააგრძელოს სამხედრო აგრესია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

"საქართველოზე უფრო მეტად ახლა ეს შიში აქვს უკრაინას, რადგანაც უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს სწავლება რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს სერიოზულ ახალ შეტევად უკრაინაზე. გამორიცხული არაფერია", - თქვა ალადაშვილმა.

რაც შეეხება ტექნიკას, რომელიც წლევანდელ წვრთნებში იქნება გამოყენებული, ალადაშვილის თქმით, ფოთიდან ტექნიკის ტრანსპორტირების მთავარი დანიშნულება მისი დემონსტრირება იყო.

„თბილისში ბევრი შეამჩნევდა იმ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სხდებოდნენ თბილისის აეროპორტში. ბრიტანული სამხედრო სატრანასპორტო თვითმფრინავები, რომლებმაც ბრიტანული ტექნიკა ჩამოიტანეს.

"დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა შემოვიდა ფოთის პორტში სპეციალური გემებით და ჩამოტვირთეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა. ძირითადად სტრაიკერის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, „ჰარლები": „ჰარლი" ტიპის ჯავშანმანქანები და საარტილერიო სისტემებია. ისინი თავადვე ჩამოვლენ თბილისში, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკელები და ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნები აჩვენებენ, როგორ შეიძლება გადმოსროლილი იყოს საბრძოლო ტექნიკა როგორც საჰაერო, საზღვაო, ასევე სახმელეთო გზით.

"ტექნიკის ფოთიდან მატარებლით გადმოყვანა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ასე არ ხდება ტექნიკის დემონსტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხეების გათვალისწინებით", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×