
„ჩვენ ჩვენს გამარჯვებაზე ვფიქრობთ და მაქსიმალურ შედეგზე, რომ „ლელოს" კოალიციის შექმნის გასაღები ჰქონდეს. ესაა ჩვენი ამოცანა და კონკრეტული რომელიმე ჩვენი კონკურენტის გეგმების წიაღსვლების განხილვა ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი არაა", - ამის შესახებ იურისტმა და „ლელო საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატმა კახა კოჟორიძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, სააკაშვილის პრემიერობაზე ამაზე საუბარი წინასწარ საჭირო არაა, რადგან ყველაფერი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
„მე ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მინდა - ხან ამბობს, რომ პრემიერის თანამდებობა არ მინდაო, ხან ამბობს, რომ მინდაო... ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე კომენტირება საჭირო არაა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი არჩევნების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა კოჟორიძემ.
„რეზონანსის" კითხვაზე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დათანხმდება თუ არა „ლელო" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას და შესაბამისად სააკაშვილის პრემიერობას, კოჟორიძემ გვიპასუხა, რომ „ლელოს" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავს, თავად პარტია კი, მისი თქმით, მაქსიმალური შედეგის მიღწევასა და „კოალიციის შექმნის გასაღების" მოპოვებას ცდილობს.
„კოალიცია ვის ირგვლივ იქნება, ამას საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ. ყველა პარტიის პროგრამის პრეზენტაცია ასე თუ ისე იყო, მაგრამ „ლელოს" ყველაზე ძლიერი პროგრამა აქვს, რომელსაც ყველაზე პოზიტიური შეფასება მოჰყვა.
„ჩვენ სხვა პარტიებზე ბევრად ძლიერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გვეყოლება. ჯერჯერობით კონკრეტული გვარი და სახელი გადაწყვეტილი არაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არჩევნებამდე გაიგებენ. ასევე ჩვენ ჩრდილოვანი კაბინეტის რამდენიმე წევრის დასახელებას ვაპირებთ.
„მამუკა ხაზარაძემ, „ლელოს" სხვა ლიდერებმა, მათ შორის მეც თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან კოალიციას გამოვრიცხავთ, ვფიქრობ, რომ ახლა ის მოცემულობა არ იქნება, რომ კოალიცია ან ერთი პარტიის ირგვლივ გაკეთდეს, ან მეორე პარტიის. ბოლო რვა წლის საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რომ მესამე ძალა გამოჩენილიყო. ამ მოლოდინმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის ძალიან დიდ უმეტესობას უნდა, რომ „ქართული ოცნება" შეიცვალოს, ოღონდ არა „ნაცმოძრაობით" და ამ ორი პარტიის გარდა არსებობენ პარტიები, რომლებთან ერთადაც ჩვენ კოალიციის შექმნის საკითხს განვიხილავთ.
„ამაზე კონკრეტულად არჩევნების შედეგების შემდეგ ვისაუბრებთ. წინასწარ ამაზე საუბარი, ვფიქრობთ, რომ სწორი არაა. ჩვენ ჩვენს გამარჯვებაზე ვფიქრობთ, მაქსიმალურ შედეგზე, რომ „ლელოს" კოალიციის შექმნის გასაღები ჰქონდეს. ესაა ჩვენი ამოცანაა და კონკრეტული რომელიმე ჩვენი კონკურენტის გეგმების წიაღსვლების განხილვა ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი არაა.
„მაგრამ ჩვენ კოალიციური მთავრობის იდეას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ სწორედ კოალიციური მთავრობა იქნება ის სიკეთე, რაც საქართველოს ერთპარტიული და ერთ კაცზე ჩამოკიდებული უფუნქციო სისტემიდან გამოიყვანს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კოალიციურ მთავრობაში „ლელო" საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება", - განაცხადა კოჟორიძემ.