მარიამ ნებულიშვილი
08.09.2020

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ძალა ერთობაშიას" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციურ პარტიებში. ერთი ნაწილიამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის კანდიდატად დაყენება სწორი საქციელი არ იყო, მეორე ნაწილი კი მას მხარს უჭერს. „მიშას პრემიერობა არის ჰიპოთეტური საკითხი და ვარაუდებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი გუგავა „რეზონანსთან" ამ საკითხის კომენტირებისას.

გუგავას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ლეგიტიმური უფლება ჰქონდა დაეყენებინა ნებისმიერი კანდიდატი, თუმცა, მისი შეფასებით, მესამე პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება გაუჭირდება იურიდიული პრობლემების გამო. ლეიბორისტების თქმით, მათთვის მთავარია, რომ მათმა კანდიდატმა მიიღოს პარლამენტის მხარდაჭერა.

„ნაციონალურ მოძრაობას" და იმ პარტიებს, რომლებიც მის ირგვლივაა შემოკრებილი, სრული სუვერენული უფლება ჰქონდათ დაესახელებინათ ნებისმიერი პირი მათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს ყველა პარტიის სუვერენული უფლებაა. ესაა შეჯიბრი პარტიებს შორის. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გამოჩნდება ვის ექნება მეტი შანსი გახდეს პრემიერ-მინისტრობის რეალური კანდიდატი.

„მიშას პრემიერობა არის ჰიპოთეტური საკითხი და ვარაუდებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო მარათონია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა პრინციპებმა, რათა საშუალება ჰქონდეს ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს მიიღოს უსაფრთხო სახელმწიფო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იდეა გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ჩვენს პასუხისმგებლობას ავიღებთ და ჩვენი პრემიერ-მინისტრი იქნება კოალიციურ მთავრობაში. ამაზე ვართ ორიენტირებული და დანარჩენი, თუ ვინ, სად და როგორ იქნება, გამოჩნდება არჩევნების შემდეგ.

„მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილთან გარკვეული იურიდიული პრობლემები არსებობს, მოქალაქე არ არის, ძალაში შესულია განაჩენები. გასათვალისწინებელია ის გარემოებებიც, რომ არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს ახლადშეკრებლი პარლამენტი. ესაა უფლებმოსილების ცნობა, თანამდებობის პირების დანიშვნა და მთავრობის ფორმირება. ეს ხდება ორ კვირაში და ამ დროში სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა ვერ მოესწრება", - განაცხადა გუგავამ.

რაც შეეხება, ლეიბორისტული პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის" ერთობას, გუგავას თქმით, მათ შორის კონკურენციაა კვლავაცაა, თუმცა საერთო ინტერესების გამო დროებით ერთბაში არიან.

„ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო ენის გამონახვა განაპირობა იმან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე წამოიმართა ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის სახით, რომელიც ფლობს ამ ქვეყანას. ამრიგად, პარტიებმა ძველი წყენები და დაპირისპირებები, მათ შორის იდეოლოგიური, არსებული მიზნიდან გამომდინარე დროებით გვერდზე გადავდეთ, ვითანამშრომლეთ. თორემ, იდეოლოგიური განსხვავებები ჩვენს შორის კვლავ იქნება. პარტიებს კონკურენცია უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში, ერთმანეთს უნდა აკრიტიკებედნენ, თუმცა შემდეგ ქმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, მათ შორის, რადიკალურად დაპირისპირებული პარტიებიც კი", - თქვა გუგავამ.

მისივე თქმით, ეს ერთობა კოალიციური მთავრობის ფორმირების შემთხვევაში შენარჩუნდება.

„მომავალი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური, სადაც, ბუნებრივია, იქნება „ნაციონალური მოძრაობაც". ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას, რათა შევქნათ ახალი პოლიტიკური სისტემა, რომელიც იქნება პარტიების ბალანსზე აგებული", - ამბობს გუგავა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×