მარიამ ნებულიშვილი
08.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინიტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელებას ოპოზიციურ ფლანგზე არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ თუკი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვა, „ნაცმოძრაობას" უფლება არ ექნება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები პრემიერის შერჩევასა თუ სხვა საკითხებზე თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ „ნაცმოძრაობის" რეიტინგი უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ პარტიების ჯამური რეიტინგი, ვისაც პარლამენტში მოხვედის შანსი აქვთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაში შესვლა მიუღებლად არ მიაჩნიათ.

არჩევნებამდე 2 თვით ადრე ამ საკითზე შიდა ოპოზიციური უთანხმოება კი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიციის შემთხვევაში შიდა კოალიციური დაპირისპირება საკმაოდ მწვავე ფორმებს მიიღებს.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ გადმოსახედიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი მმართველ პარტიას აქვს, თანაც ისე, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და შესაბამისად, მთავრობის ფორმირება მან დამოუკიდებლად შეძლოს. სხვა შემთხვევაში კი პრაქტიკულად გარდაუვალია კოალიციის შექმნა.

„უმრავლესობაში უნდა იყოს ან „ქართული ოცნება" და სხვა პარტიები, ან „ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები", - ასე აფასებს შექმნილ ვითარებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თუმცა, თუკი ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვა, იქნება თუ არა კოალიციაში დომინანტი ძალა „ნაციონალური მოძრაობა" და მოქცევს თუ არა იგი თავისი კონტროლის ქვეშ კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს?

კვლევების შედეგები

„ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც 23 ივნისიდან 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" - 39%, გადაუწყვეტელი - 20%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%; „ევროპული საქართველო" - 5%, „ლეიბორისტული პარტია" - 3%; „ლელო" - 3%, „ახალი საქართველო" (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%, „გირჩი" - 2%, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები" - 2%, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%, ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო" - 1%, ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის" - 1%, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო" - 1%.

აქ იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი, ვისაც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა და მათთან კოალიციის შექმნა დაუშვებლად არ მიაჩნიათ, 22 %-ია, „ნაცმოძრაობის" კი - 16%.

IRI-ის კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში ჩტარდა, პროცენტები შემდგენაირად გადანაწილდა:

შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 33% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას. მეორე ადგილას 16%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".

შემდეგ მოდიან: „ევროპული საქართველო" - 5%, „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებლი" - 3%, „ლეიბორისტული პარტია" - 2%, „სამოქალაქო მოძრაობა" - 2%, „ლელო" - 2%; „გირჩი" - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა" - 1%, „გამარჯვებული საქართველოსთვის" - 1%.

ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის" პოტენციური კოალიციური პარტნიორების ჯამური რეიტინგი 18%-ია, „ნაცმოძღაობის" კი - აქაც 16%.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, იმისათვის, რომ რომელიმე პარტიამ მთავრობა ჩამოაყალიბოს, მინიმუმ 76 მანდატია საჭირო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უმრავლესობას მოიპოვებს პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა მოუწევთ.

„მთავრობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ არსებობდეს კოალიცია, რომელსაც ექნება 76 ან უფრო მეტი მანდატი. ბოლო გამოკითხვების მონაცემებით სურათი ასეთია, რომ უმრავლესობაში უნდა იყოს ან „ქართული ოცნება" და სხვა პარტიები, ან „ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიები. თუ ასე არ მოხდა, მაშინ უმრავლესობა ვერ შეიქმნება. თუ, ვთქვათ, რომელიღაც პარტიებმა უარი თქვეს, როგორც „ნაცმოძრაობასთან", ასევე „ოცნებასთან" კოალიციის შექმნაზე, მაშინ ვერ შეიქმნება მინიმუმ 76-წევრიანი უმრავლესობა, შესაბამისად ვერ ჩამოყალიბდება მთავრობა და მაშინ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„ამ დასკვნის გაკეთება და თქმა იმისა, რომ აუცილებლად ასეთი შედეგი დადგება, ჯერ არ იქნება გამართლებული. არჩევნებამდე თითქმის ორი თვეა დარჩენილი და ამ ორ თვეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, პირველ რიგში ამომრჩეველთა განწყობები. ვიღაცის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდება, ვიღაცის შემცირდება. გადაწყვეტილებას მიიღებენ ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი თუ ვის დაუჭერდნენ მხარს და მათი პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამან შეიძლება მკვეთრად შეცვალოს დღეისთვის არსებული სურათი. ამიტომ, იმის თქმა, რომ უმრავლესობა ვერ შეიქმნება, ან უმრავლესობა იქნება აუცილებლად „ქართულ ოცნებასთან" ერთად, არაა სწორი", - თქვა ხმალაძემ.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" სურს უმრავლესობა შექმნა, აუცილებლად მოუწევს დანარჩენ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა.

„დღევანდელ მონაცემებს თუ ავიღებთ, პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე მაღალი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას" და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ მანდატს მოიპოვებს ის მაჟორიტარულ არჩევნებში, რადგან იმ პროცენტებით, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად უფიქსირდება, განისაზღვრება პარტიული სიებით მიღებული მანდატების რაოდენობა, მაგრამ მაჟორიტარულ სიებში უკვე აუცილებელია არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი ხმის მიღება. აქ უკვე ბევრგან შეიძლება იყოს მეორე ტურები, სადაც შეიძლება გაიმარჯვონ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

„ამიტომ, ჯამურად რამდენ მანდატს მიიღებს რომელიმე მხარე, რთული სათქმელია. თუ „ოცნებას" რამდენიმე მანდატი დააკლდა უმრავლესობის მისაღაბად, მაშინ შესაძლებელია ოპოზიციურ პარტიებს შორის მოიძებნოს ისეთები, რომლებიც არ იტყვიან უარს „ქართული ოცნებასთან" ერთად კოალიციის შექმნაზე. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას" უმრავლესობის შესაქმნელად სხვა პარტიებისგან რამდენიმე მანდატი ნამდვილად არ ეყოფა, მას დასჭირდება ბევრად მეტი და ამიტომ ის უფრო რთულ მდგომარეობაში იქნება", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„რიგი ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობასთან შეგუებას"

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა, რადგან ოპოზიციურ პარტიებს თავად არ სურთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ოპოზიციამ მოაგროვოს ხმების ის რაოდენობა, რომ მან დამოუკიდებლად შექმნას კოალიცია.

„ნებისმიერ შემთხვევაში არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას, თუ ვიმსჯელებთ რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებებიდან, სადაც ისინი საუბრობენ, რომ არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობასთან შეგუებას. პირიქით, ზოგიერთ მათგანს თავად წამოუდგენია თავი ლიდერად და თვლის, რომ მის ირგვლივ უნდა მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება, მაგალითად, იგივე „ევროპულ საქართველოს".

„თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, სადაც ყველაზე მეტი ხმის ამღებად მაინც „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" გვევლინება. ეს ორი პოლიტიკური ძალა იქნება გამწევი და შემდეგ უკვე გამოჩნდება როგორ დალაგდება ხმები.

„მე არც იმას გამოვრიცავ, რომ პარტიებმა ვერ მოილაპარაკონ კოალიციაზე და გველოდებოდეს ხანგრძლივი სახელისუფლებო კრიზისი და ვადამდელი არჩევნებიც კი", - ამბობს ზაალ ანჯაფარძე „რეზონანსთან".

„ის მაინც იქნება ანგარიშგასაწევი ძალა..."

ზაალ ანჯაფარიძისგან განსხვავებულ პოზიციაზეა ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ ვითარებაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის და მის გარეშე ვერ იმოქმედებენ.

„დიდი ალბათობით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი რეიტინგი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას". აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტ ხმას „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" ფარგლებში. გამომდინარე აქედან, მას შეეძლება მისთვის მისაღები მთავრობის ფორმირება, თუმცა კონსულტაციის გავლა მოუწევს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

„მე ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" ექნება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზე ნაკლები მანდატი, ის იქნება პროცესის წარმმართველი. ის მაინც იქნება ანგარიშგასაწევი ძალა და პროდასავლური პარტიები შეეცდებიან მასთან თანამშრომლობას", - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×