თამთა ჩაჩანიძე
09.09.2020

იმის გამო, რომ კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი მკვეთრად იზრდება, სასწავლო პროცესში ახალი რეგულაციები შემოდის, განათლების სამინისტრომ შერეული სწავლების მოდელი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შედარებით მაღალ კლასებში მოსწავლეებს ნაწილობრივ ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

პროტოკოლის მიხედვით, I-დან IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII - XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

V-დან XII კლასების ე.წ ჰიბრიდულ მოდელს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით სკოლა თავად ირჩევს, შერეული სწავლების მოდელი კი სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებული უნდა იყოს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ თუ საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ინფექცია აჭარის რეგიონივით მოედო, მისი აზრით, ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.

„შესაძლებელია თუ არა რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულიად დისტანციურ საწვლებაზე გადავიდნენ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუ ასე გაგრძელდა როგორცაა, ალბათ არა - მთავარია კოვიდთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია მოთხოვნა დავიცვათ,

"ნუ ეხუმრებიან, ეს სახუმარო დაავადება არაა. რაც შეეხება იმას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ თუ არა, ამაზე ამჯერად არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ არ ვიცავთ იმას, რაც აუცილებლად დასაცავია.

„თუკი კორონავირუსი ძალიან მოედო (აჭარის რეგიონის მსგავსად) ალბათ ამ შემთხვევაში გადავლენ სრულიად დისტანციურ სწავლებაზე" - განაცხადა ენდელაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში აჭარის რეგიონის მსგავსი კორონავირუსთან დაკავშირებული სურათი მივიღოთ, ენდელაძემ გვიპასუხა, რომ თუ საზოგადოება ასე გააგრძელებს და რეკომენდაციებს არ დაიცავს, „ნამდვილად მოსალოდნელია".

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებში შემსვლელთათვის თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება აუცილებელი პირობებია.

გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირის განთავსება იქნება ნებადართული.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ, ვისაც რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება.

„უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი აუცილებელ პირობად რჩება. ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზინფექციასთან დაკავშირებული პროტოკოლის შესრულება, რაც ასევე მერხების ხშირ დეზინფექციას მოიცავს.

რაც შეეხება აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებას, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება.

„თუმცა, თუ აუდიტორიებში არის საშუალება დაცული იყოს 1 მეტრი დისტანცია, ამ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული რეკომენდაცია უნივერსიტეტისთვის არ გვიწერია.

„სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.

„რაც შეეხება კვების ობიექტებს, ჩვენ ვსაუბრობდით უნივერსიტეტებზე, სადაც ერთი ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთად, ხოლო რაც შეეხება კაფეს და რესტორნებს, აქ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული, უცნობი ადამიანები კონცენტრირდნენ ერთ სივრცეში, ამიტომ აქ ლიმიტები დადგენილია როგორც კვადრატულობაზე, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი დაიშვება, ასევე ერთ მაგიდასთან დასაშვებ პირთა ლიმიტიც დაწესდა. ამგვარად, დახურულ სივრცეში 6 ადამიანი განთავსდება ერთ მაგიდასთან, ღია სივრცეში განხორციელებული სოციალური ღონისძიება იქნება, თუ ნებისმიერი კვების ობიექტი, ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დასაშვები იქნება.

„ყველგან, მათ შორის, უნივერსიტეტებშიც მოთხოვნილია საიზოლაციო ოთახის გამოყოფაც, სადაც შესაბამისი მედპერსონალის ჩარევამდე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროებით განათავსებენ სტუდენტს თუ ნებისმიერ პირს",- განაცხადა ფერაძემ.

განათლების სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა.

დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან

შეგახსენებთ, რომ სამშაბათსაც და ოთხშაბათსაც ხუთ ათეულამდე კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების აზრით, საფრთხილოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×