ელზა პაპოშვილი
09.09.2020

 

დააყენებს თუ არა თავდაყირა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვცილის საქმეს ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ სატელიტიდან მოპოვებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი 19 და 20 ივნისს იმ ადგილას არ დგას, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. 

 

რამიშვილი არ აკონკრეტებს ვისი დახმარებით მოიპოვა მან ეს ფოტოები, თუმცა ამბობს, რომ მისი ავთენტურობის დასამტკიცებლად ექსპერტიზა პროკურატურამ ჩაუტაროს და ბრალდებებს მოეშვან.  ადვოკატი და ოჯახი ფიქრობს, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვანმა ფაქტმა პროკურატურას უკვე უნდა მისცეს საშუალება, რომ მუხლის გადაკვალიფიცირდეს და  მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს. 

მიხეილ რამიშვილის გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს.  შოთაძის უწყების განცხადებაში წერია, რომ მათ ბაჩალიაშვილების ადვოკატმა წყარო არ დაუსახელა, რის გამოც, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე, თუმცა, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა იმის დასადგენად, ხომ არ არის ფოტოებზე მონტაჟის კვალი.

„ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შესთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით  გადამოწმება და გამოთხოვა.საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან.

 მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2  ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.   

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გამოითხოვა, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მიმართა აშშ-ს, ევროპოლს, ასევე  კომპანიებს:  Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

თუმცა, როგორც პროკურატურა განმარტავს, დასახელებული კომპანიების ნაწილს, ასევე აშშ-სა და ევროპოლის შესაბამის სამსახურებს, გამოძიებისთვის საინტერესო დროის და ტერიტორიის ფოტოები არ აქვთ:

ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ  გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის  სატელიტით გადაღებული ფოტოები.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ცრუის. მისი აზრით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის.  ადვოკატი ამბობს, რომ ეს ადამიანები გამომძიებლები არ არიან და მხოლოდ შემსრულებლები არიან. 

რამიშვილის განცხადებით, მან წარმოდგინა ის პერიოდი, სადაც ტერიტორია გარკვევით ჩანს. ხოლო თუ ფოტოშოპით რამის გაკეთება უნდოდა, მაშინ  21-22 არის ღრუბლიანი ამინდი და ამ რიცხვის ფოტობსაც იგივე მსგავსად დაამუშავებდა.  

„ეს ადამიანები ტყუიან და არ არიან გამომძიებლები. ესენი არიან მონები, რომლებიც საკუთარი ბატონის საამებლად ყველაფერს კადრულობენ. მე რომ ფოტოშოპის გაკეთება მდომოდა, მაშინ ხომ სხვა ფოტოებსაც გავაკეთებდი. კი ბატონო, წაიღონ ექსპერტიზაზე და შეამოწმონ არის თუ არა ავთენტური“, - ამბობს ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის დედას ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოების ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება. თეონა თამაზაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა.  

თამაზაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ეჭვი აღარაა, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და მას ჯგუფურად ჩადენილი მკვლლეობის კვალიფიკაცია მიეცეს. ამასთან, ის პროკურატურას სთხოვს ახსნას,  რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თხოვნით ნამდვილად მიმართეს.

„ჩემს შვილს ყველაზე კარგად ვიცნობდი და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა.  სატელიტური ჩანაწერებიდან ზუსტად დგინდება, რომ ეს არის გაზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლლეობა. მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?

ანალოგიურად, ორმაგი სტანდარტებით ხდება სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება, ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა. პროკურორი გამოდის და გვატყუებს, საიტზე კი სრულიად სხვა განცხადებას დებენ. გამაგებინონ რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და ამ სისხლმა  მაშინ გამოჟონა. ყველაფრის საგულდაგულოდ დამალვას რატომ ცდილობენ?” - ამბობს თეონა თამაზაშვილი.  

საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.ნინო ლომჯარიას თქმით, რამიშვილის გასაჯაროებულმა ფოტომასალამ ბაჩალაიშვილის მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ, შესაძლოა მთლიანად შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობა.

„როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ მან მოიპოვა სატელიტით მიღებული სურათი, რა თქმა უნდა, ვნახავთ დაიწყო თუ არა ამ მტკიცებულებების შესწავლა პროკურატურამ და ასევე ვნახავთ, რამდენად აქტიურად ცდილობს თავად პროკურატურა, მოიპოვოს სატელიტის სურათები.მე ვფიქრობ, რომ გუშინ ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადება არის საყურადღებო და მან შეიძლება შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობა“-ამბობს ლომჯარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×