
ბათუმში, სარიტუალო დარბაზ „აჭარის" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
წვეულებათა დარბაზის თანამშრომელი მიმტანების ხელმძღვანელია, მას ჩივილები 7 სექტემბერს გამოუვლინდა, ცხელების ცენტრში გადაყვანის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა.
რესტორან „აჭარის" დირექტორის ლია აბულაძის განცხადებით, თანამშრომელს სტუმრებთან შეხება არ ჰქონია.
მისივე თქმით, დარბაზის მიმტანების ხელმძღვანელს მოხუცი დედა ჰყავს, რომელსაც კოვიდ-19 ტესტის ჩაბარების შედეგად ვირუსი არ დაუფიქსირდა.
„ჩვენი თანამშრომელი 7 სექტემბერს მაღალი ტემპერატურით ცხელების კლინიკაში გადავიდა და გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაშია მოთავსებული. იგი ვერ იხსენებს, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო. მისი ოჯახის წევრს გაუკეთდა PCR ტესტი და პასუხი უარყოფითია. 80 წლის დედა ჰყავს. ერთ სივრცეში ცხოვრობენ, მაგრამ კორონავირუსი არ დაუდგინდა", - განაცხადა რესტორნის ხელმძღვანელმა.
სარიტუალო დარბაზმა „აჭარამ“ ყველა ჯავშანი გააუქმა და ამ დროისთვის რესტორანი დახურულია.