
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ თითო სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში ან რესტორანში წესების დასაცავად თითო ადამიანი გამოიყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, იმიტომ, რომ ჩვენ კონტაქტებს მივდევთ. როდესაც ჩვენ კონტაქტებში ვპოულობთ შემთხვევებს, ეს ნაკლებად შემაშფოთებელია, ისევე როგორც საკარანტინო სივრცეებში დაფიქსირებული შემთხვევები. საბედნიეროდ, დღევანდელი შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, რომლებიც მოძიებული გვყავს და გამოვიკვლიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევა გაჩნდა, როდესაც ინფიცირების წყაროზე ვერ გავდივართ. რა თქმა უნდა, ეს უფრო გვაშფოთებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ თითო სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში ან რესტორანში წესების დასაცავად თითო ადამიანი გამოიყოს. თუ გვინდა, ვიცხოვროთ ისე, როგორც ზაფხულში იყო, პრაქტიკულად შეზღუდვების გარეშე და მხოლოდ პირბადის ტარებით?! თუ გვინდა, რომ გვერდით უამრავი ავადმყოფი გვყავდეს?! გასაგებია, რომ ბევრი მსუბუქი შემთხვევაა და ამაზე ბევრი სპეკულაციაც მიდის. ევროპასა და ამერიკაში ასეთი ადამიანები საერთოდ ვერ ხვდებიან საავადმყოფოებში, სახლში რჩებიან და ექიმი მათ არც კი ელაპარაკება. ჩვენ ამ ადამიანებს იმიტომ არ ვტოვებთ სახლში, რომ ისინი ასე კიდევ უფრო გაავრცელებენ ვირუსს", - განაცხადა იმნაძემ „ქრონიკასთან".