რეზონანსი
10.09.2020

დღეს დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდემია დინამიკური პროცესია და თუ აქამდე კარგად გავართვით თავი შეკავების ფაზას, გარკვეულწილად გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც იქნება ეპიდემიის მართვის აქტიური ფაზა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ათეული შემთხვევა არ არის საგანგაშო.

„კარგია, რომ ტესტირების შესაძლებლობა არის გაფართოებული და უკვე 9 000-ს გადააჭარბა გასული 24 საათის განმავლობაში ტესტირებულთა მაჩვენებელმა, დადებითობის მაჩვენებელი მაინც დაბალი - 1,2 პროცენტი რჩება. თუ ზოგიერთი ქვეყანა 5 პროცენტს გადააჭარბებს, მხოლოდ მაშინ თვლის, რომ აქვს საფრთხილო და საგანგაშო მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცადოთ, ვიდრე 5 პროცენტს მივაღწევთ, მაგრამ დღეს სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

ინფრასტრუქტურულად საკმაოდ გამართული ვართ, რათა უზრუნველვყოთ ტესტირება და შემთხვევების დროული გამოვლენა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეპიდემიის აქტიურ მართვაზე, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ გამოვლენას, კონტაქტების შეფასებას, რომ არც ერთი ინფიცირებული ადამიანი დიდხანს არ დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ არ ვიცოდეთ მისი ინფიცირების შესახებ. ეს არის მთავარი სტრატეგია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედთან".

მისივე თქმით, საკარანტინო მექანიზმი ძალიან კარგი დაცვაა, რომ გარედან შემოტანილი შემთვევებისგან ვიყოთ დაცული და ეს იყო ის, რამაც ქვეყანას ინფექციის გავრცელების შეკავების საშუალება მისცა.

„ახლა, გამოწვევა განსხვავებულია. შიდა გავრცელების შემთხვევები იმატებს და აქ არის მთავარი გადაწყვეტა - აქტიური ტესტირება", - დასძინა მან ტელევიზიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×