
ნავალნი „ნოვიჩოკის" ახალი უცნობი სახეობით მოწამლეს, რომელიც ბოროტმოქმედების გეგმით თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო - ამ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი სპეციალისტები, იტყობინება გამოცემა Die Zeit.
გამოცემის წყაროების თანახმად, ნავალნი „ნოვიჩოკის" ჯგუფის ტოქსინის „ახალი და გაუმჯობესებული" ვერსიით მოიწამლა, თუმცა ამ ინფორმაციას გერმანიის ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ.
ნოვიჩოკის ეს ახალი ვერსია ექსპერტებისთვის ცნობილი არ იყო. ის უფრო მავნე და მომაკვდინებელია, ვიდრე ამ ჯგუფის მანამდე ცნობილი ნივთიერებები.
გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერების კვალი ნავალნის ხელებზე და წყლის ბოთლის ყელზე აღმოჩნდა, რომლიდანაც რუსი ოპოზიციონერი სვამდა. გერმანული მხარე ეჭვობს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის საწამლავი ან ჩაიში ჩაუყარეს, ან ფინჯნის ზედაპირს წაუსვევს.
გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გეგმის და საწამლავი ნივთიერების რეაქციის თანახმად ნავალნი თვითმფრინავშივე უნდა გარდაცვლილიყო, თუმცა მფრინავების სისწრაფისა და ომსკის ექიმების დაუყოვნებელი რეაქციის წყალობით, რომლებმაც მას ატროფინი გაუკეთეს, პუტინის მთავარი ოპონენტი გადარჩა.
გერმანელი ექსპერტების აზრით, მომაკვდინებელი შხამით ასეთი ოპერაციის განხორციელება მხოლოდ რუსეთის საიდუმლო სამსახურებს შეეძლოთ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებც, რომ დიდია იმის შანსი, ნავალნი რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების მითითებით მოეწამლათ. მისივე თქმით, მომხდარზე ვაშინგტონი რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
„რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ვფიქრობ, რომ სამყარო გაიზარდა და მიხვდა, რომ ნორმალური ქვეყნები ასე არ მუშაობენ. ეს რუსებს ძვირი დაუჯდებათ," - თქვა პომპეომ.
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ალექსეი ნავალნი კომიდან სრულად გამოვიდა და თავს უკეთესად გრძნობს.
ნავალნიმ მოწამვლის წინა მოვლენების გახსენება უკვე შეძლო, მათ შორის ის, თუ თვითმფრინავის ტუალეტში ტკივილისგან გონება როგორ დაკარგა.
მას შემდეგ, რაც ნავალნიმ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ყველაფერი ახსოვს, გერმანიის კლინიკა „შარიტემ" უსაფრთხოება გააძლიერა, კლინიკაში ამჯერად უსაფრთხოების უმაღლესი, „წითელი" დონე მოქმედებს.
„ინსაიდერი" წერს, რომ „შარიტე" ნავალნისთან სანახავად მხოლოდ მეუღლეს უშვებდა, ამჯერად კი სხვა მნახველების შეშვების ნება დართეს, ოღონდ დაცვის თანხლებით.
„შარიტეს" ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნი თითქმის 90%-ით გამოჯანმრთელდა. მისი ფსიქიკური მდგომარეობაც სრულიად ნორმალურია.
20 აგვისტოს ნავალნი ტომსკიდან მოსკოვსი მიმავალ თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, იგი მფრინავებმა სასწრაფოდ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იმის გამო, რომ ნავალნის ოჯახს ეჭვი მოწამვლაზე ჰქონდა და რუსმა ექიმებმა კი მოწამვლის ფაქტი არ დაადასტურეს, ოპოზიციონერი სამკურნალოდ და დიაგნოზის დასადგენად გერმანიაში გადააფრინეს.
2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ ბუნდესვერის ლაბორატორიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის" კვალი აღმოაჩინეს.