რეზონანსი
10.09.2020

საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია - ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება:

„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას - დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მიწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის" მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს" ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც" საქართველოს მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია საქართელოს რაგბის კავშირის განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×