
თაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის შეფასებით, დღეს მმართველი გუნდის მიერ მომავალი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დასახელება, არაფერს შეცვლის, რადგან, მისი თქმით, „ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა, ფაქტობრივად არ არსებობს".
როგორც შალვა შავგულიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ვერც არჩილ თალაკვაძე, ვერც გიორგი გახარია ვერ დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებას, ვინაიდან, მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მოტივაცია პირადი ინტერესია.
მან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის შესაფასებლად 20 ივნისის მოვლენების გახსენებაც საკმარისი იქნება.
„შეურაცხყოფით აღშფოთებულ ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრი მოედანზე რომ ტყვიას დაუშენ, ნურავინ მეტყვის, რომ შევარდნას აპირებდნენ. ვინ აპირებდა? მაკო გომური ან ათობით ჟურნალისტი? ივანიშვილის კარზე წინაურდებიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ნიშნით გამოირჩევიან-ივანიშვლისადმი უპირობო მორჩილებით, მსახურებით და იმის მზაობით, რომ ხელი შეუწყონ ივანიშვილს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში საქართველოს დაბრუნება, ოღონდ პირადი მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამიტომ, ვერც გახარია, ვერც თალაკვაძე და ვერცერთი ადამიანი, რომელიც დღეს ივანიშვილის გუნდში დარჩა, ვერ დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებას, ვინაიდან მათი მოტივაცია სულ სხვაა. ხელისუფლებაში ყოფნის მოტივაცია არის პირადი ინტერესი და მტერი სახელმწიფოს მსახურება", - განაცხადა შავგულიძემ.