
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში იმყოფება, თუმცა ახლა ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღა არ არის.
როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, საქართველოში ინფიცირების რაოდენობის უჩვეულო მატებაა, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსის მხოლოდ ლოკალურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ეპიდემიის აქტიურ ფაზაში. ის პირველი ეტაპი მშვიდად გავიარეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში ამ პერიოდს აფასებს როგორც პირველ აქტიურ ფაზას, რომელშიც ყველა ვიყავით. რაც შეეხება მეორე ტალღას, ადრეც გვქონდა მოლოდინი, რომ შემოდგომის პერიოდში, როდესაც იქნება მეტად სოციალური აქტივობებით გადანაცვლება დახურულ შენობებში, უფრო სწრაფი და მაღალი გავრცელება ეპიდემიის არის მოსალოდნელი. ამიტომ მეორე ტალღის მოლოდინი არის მოგვიანებით. გვაქვს გარკვეული შუალედური ეტაპი, უჩვეულო მატებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სიტუაცია არის კონტროლირებადი და არის საფუძვლები, რომ მოხდეს ამ შემთხვევის მატების კუპირება, რადგან ჯერჯერობით ლოკალურ გავრცელებასთან გვაქვს საქმე და კონტაქტების გამოვლენა უმრავლეს შემთხვევაში მაინც შესაძლებელია.
ტალღური მიმდინარეობა ეპიდემიაში იქნება, რადგან ეპიდემია ზოგადად დინამიური პროცესია. ტალღები - მეორე და შესაძლოა, მესამეც, რაზეც არის მოლოდინი, იქნება მოგვიანებით. დღევანდელ სიტუაციას მკაფიოდ მეორე ტალღას ვერ დავარქმევთ, თუმცა ეპიდემიის აქტიური ფაზა არის",- განაცხადა გაბუნიამ.