ბიუჯეტის მეათედი უკვე ვალების მომსახურებას უნდება და ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია
ირაკლი ლომიძე
10.09.2020

ვალების მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან დიდძალი ფული გადის. იმ ფონზე, როცა ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა, საგარეო ვალის დაფარვაზე 6 თვეში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება. გარდა იმისა, რომ საგარეო ვალის ზრდა ბიუჯეტს ტვირთად აწვება, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამით საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ექმნება პრობლემა, რადგან შესაძლოა, მომდევნო პერიოდში ქვეყანას ვალები გაუძვირდეს და ინვესტორებისთვსიაც ნაკლებად მიმზიდველი გახდეს. ამ 2020 წლის 6 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 18,010.1 მლნ ლარია. გარდა ამისა, 454,327.1 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 168,490.0 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

ეკონომიკისთვის მძიმე ტენდენციის მიუხედავად, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვალების აღება მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით პრობლემას არ ქმნის. 

,,პანდემიის პირობებში ძალიან ბევრმა ქვეყანამ სწორედ საგარეო სესხს მიმართა, რომ ყველა აუცილებელი ღონისძიება დაზღვეული ჰქონოდა. გარდა ამისა, ეს არ ქმნის პრობლემას მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით და სწორედ ამის დასტურია, რომ უცვლელად დარჩა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რაც ქვეყნის მაღალი გადახდისუნარიანობის ნიშანია”, - განაცხადა სულ მინისტრმა.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას, რომლის ფინანსური კეთილდღეობა მუდმივად უარესდება.

,,გასაგებია, რომ  რა ფულსაც ახლა ვაბრუნებთ, ძველი ვალდებულებებია, მაგრამ ეს ფაქტორი დამშვიდესის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს. უშუალოდ ეპიდემიის გამო აღებული ვალების მომსახურება ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა დიდ ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, - განაცხადა ხორგუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს  მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

,,ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე კი უხარისხოდ გაკეთდა. ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა. 

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოსალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას - შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით. ვალის მომსახურებას კი მომავალში მეტი ფული დასჭირდება ბიუჯეტიდან, რაც ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება", - აღნიშნა ხორგუაშვილმა. 

საქართველოში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საგარეო ვალის შემცირება შეუძლებელი იქნება. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ,,რეზონანსთან“ ხაზი გაუსვა, რომ  ახლა რადიკალურად განსხვავებელ ვითარებაშია ქვეყანა და ეს გლობალური პანდემიის გამო ჩამოყალიბდა.

,,ის ფაქტი, როცა საგარეო ვალი მცირდებოდა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. 24 აპრილის შემდეგ, როცა ანტიკრიზისული სამთავრობო პროგრამა დამტკიცდა,  საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვალის აღების თვალსაზრისით და რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული რეალობა. ჩვენ ავიღეთ საკმაოდ დიდი ვალი, 6,1 მლრდ დოლარის ოდენობით. აქედან 1,8 მილიარდი შიდა ვალია და საბოლოოდ სახელმწიფოს მთლიანი ვალის სიდიდე 27 მლრდ დოლარი გახდა. სწორედ ამ ციფრებით უნდა ვიხელმძღვანელოთ არა იმით, რა იყო 2019 წელს ან თუნდაც 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში. 

ამ ვალს უნდა შევხედოთ არა სიდიდის მიხედვით, არამედ რას მოგვიტანს იგი იმ ხნის განმავლობაში, რა ვადითაც ვსარგებლობთ. როცა დადგება საბოლოო გადახდის პერიოდი, მეტად ძლიერი უნდა ვიყოთ, რომ ვალის თანაფარდობა მშპ-თან არ იყოს მასშტაბური", - განუცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის შეფასებით, საგარეო ვალის მოცულობით საქართველო 60%-იან ზღვართან არ არის იმდენად ახლოს, რომ ეკონომიკაში საფრთხე შექმნას. ვალი გვეხმარება, რომ სწრაფად გადავწყვიტოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, თუმცა  პროცენტის გადახდის სახითაც დიდი თანხის გადახდა გვიწევს, რაც საკმაოდ დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×