მარიამ ნებულიშვილი
10.09.2020

7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს. 8 სექტემბერს კი ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა გამოაცხადა, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. მათივე ინფორმაციიით, კიდევ ორი ოპოზიციონერი - ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი - რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში არიან.

ბელარუსის სახელმწიფო მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნო ბელარუსი სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წარმომადგენელს, ანტონ ბიჩკუსკის. თუმცა, „რადიო თავისუფლების" თანახმად, ცოტა ხნით ადრე ბიჩკუსკი ამბობდა, რომ სამმა ოპოზიციონერმა, მათ შორის, კოლესნიკოვამ, ქვეყანა დატოვეს და ის არსად ახსენებდა მის დაკავებას.

ასევე, ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, მანქანამ, რომელშიც სამი ოპოზიციონერი იჯდა, სვლას უმატა, როს დროსაც კოლესნიკოვა მოულოდნელად გარეთ აღმოჩნდა. ამ ცნობების თანახმად, ქალი ვიღაცამ მანქანიდან გადმოაგდო.

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კოლესნიკოვა საზღვრის კვეთის წესების დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, 8 სექტემბერს შუადღისას, კოლესნიკოვას შესახებ სრულიად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს სხვა, არასახელმწიფო გამოცემებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა. ამ ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერს ძალით ატოვებინებდნენ ბელარუსს, რის თავიდან ასაცილებლადაც მან საზღვარზე პასპორტი დახია.

„როცა მის დადეპორტებას ცდილობდნენ, მან პასპორტი დახია, რათა მესაზღვრეებს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვათ," - წერს „ინტერფაქს უკრაინა".

10 სექტმებერს კი კოლესნიკოვამ განცხადება, რომ მას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მოკვლით დაემუქრნენ და ამ გზით ცდილობდნენ მის უკრაინაში გაძევებას.

„მითხრეს, რომ თუკი ბელარუსის რესპუბლიკას ნებით არ დავტოვებდი, მაინც გამაგდებდნენ, ცოცხალს ან ნაკუწებად დაჭრილს. ასევე იყო მუქარა 25 წლამდე ვადით პატიმრობის შესახებ", - აღნიშნულია კოლესნიკოვას განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

ადვოკატის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. კოლესნიკოვა ერთადერთია ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაწყებული მოძრაობის სამი ლიდერი ქალიდან, რომელიც ამ დრომდე რჩება ქვეყნის შიგნით. არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა.

როგორც ექსპერტი ვახტანგ მაიასაია „რეზონანსთან" ამბობს, ლუკაშენკომ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდი შეცვალა და რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავს.

„ლუკაშენკო გამოირჩევა „სიკვდილის ესკადრონების" ჯგუფებით და ზონდერ ბრიგადებით. მას უკვე 140 მოქალაქე ჰყავს ასე გატაცებული და შემდეგ მოკლული. ლუკაშეკო გადავიდა ჩუმი ტერორის სტრატეგიაზე", - თქვა მაისაიამ.

რაც შეეხება რუსეთისა და ბელარუსის ურთიერთობას, მაისაიას შეფსებით, პროცესები იქამდე მივა, რომ კრემლი ბელარუსის სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

„ბელარუსი გახდება რუსეთის უფრო მეტად დამქაში ვიდრე აქამდე იყო. აქამდე მას შეეძლო გარკვეული მანევრირება, მაგალითად არ აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი, არც ყირიმი. ასე თუ ისე თანაბრად ცდილობდა, რომ ევროკავშირთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით ლუკაშენკომ ეს ურთიერთობაც გაიუარესა.

„ლუკაშენკოს ეს პოლიტიკა საკუთარი სუვერენიტეტის შებღალვადაც კი შეიძლება დაუჯდეს. მოსკოვს იმდენი საშუალება და ამბიციები არ აქვს, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობას შეუქმნას საფრთხე, თუმცა, ის აუცილებლად შეეცდება სერიოზული ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ამ პროცესისგან.

„რუსეთს სურს ბელარუსში არსებული სტრატეგიული ობიექტების, ქარხნებისა და ფაბრიკების ხელში ჩაგდება. რომელიც მას კიდევ უფრო გაამდიდრებს. რუსი ოლიგარქების ინტერესები პირდაპირ იკვეთება უკვე კალიუმის წარმოების მიმართულებით და ბელარუსს გააჩნია, საკმაოდ მძლავრი კალიუმის გადამამუშავებელი ქარხანა. გარდა ამისა, ბელარუსული ტექნიკა არის რუსეთის მთავარი კონკურენტი. ასე რომ, რუსეთი შეეცდება ამ ყვეალფრის ხელში ჩაგდებას. არმიის თავლსაზრისით ბელარუსის არმია რუსულის იდენტურია. აქედან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება ბელარუსის სუვერენიტეტის შებრალვას, რათა სრულიად დაიმორჩილოს მისი საგარეო კურსი", - ამბობს მაისაია „რეზონანსთან".

ბელარუსში მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც 9 აგვისტოს ჩატარდა, ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ქვეყანაში პროტესტი იმავე საღამოს დაიწყო მოსახლეობა ამბობს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნები გააყალბა. ლუკაშენკომ აქცები დაარბია, დაშავდნენ და გარდაიცვალნენ დემონსტრანტები. ათასობით დემპონსტრანტი დააპატიმრეს. ლუკაშენკო ბელარუს უკვე 26 წელია მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×