
„ქართული ოცნების" გუნდი მზად ვართ, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები საზოგადოებას უმტკიცებენ, თითქოს, საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
"ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღება არის გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სტაბილურობის კუთხით სახ. დეპის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ს მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიღწევებთან ერთად, გარკვეულ გამოწვევებზეცაა საუბარი. საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით დადებითად არის შეფასებული ბიზნესის განვითარების მხრივ არსებული ვითარება და ინვესტიციების მოსაზიდად გატარებული რეფორმები, თუმცა ცალკეული ბიზნესებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ხაზგასასმელად მოყვანილია კონკრეტული პროექტები და ფაქტები.