"ახალ ბაზრებზე გადაწყობა და დივერდიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა"
ირაკლი ლომიძე
14.09.2020

სანავთობო ბიტუმის იმპორტში დიდი კლებაა, რაც პროდუქტის მოწოდების პრობლემას უკავშირდება. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, საქართველოში პროდუქტის დეფიციტი შეიმჩნევა. პრობლემა კოვიდ-19-ის პანდემიას და ასევე ირანიდან იმპორტის შეწყვეტას უკავშირდება. იმის გამო, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული არ არის, ალტერნატიული ბაზრების მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით , ანუ 3,1%-ით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან (16,1 ათასი ტონა) შედარებით და 11,9 ათასი ტონით, ანუ 43,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (27,5 ათასი ტონა) შედარებით. 

იმპორტის 64,1%  (10,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ხოლო 2,1% (5,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, მთლიან იმპორტში 3,8% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთმა დაიკავა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სულ სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 72,9 ათასი ტონა, რაც 37,6 ათასი ტონით, ანუ 34%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (110,5 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 60,4% (44,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 22,2% (16,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 10,4% (7,6 ათასი ტონა),  რუსეთი - 4,4% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,2% (0,9 ათასი ტონა), თურქეთი - 1,1% (0,8 ათასი ტონა),გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმითაც, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც, თავის მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი.

,,2019 წელს  სანავთობო ბიტუმის იმპორტის რეკორდულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წელს ჩვენ ველოდით, რომ უფრო დიდი მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, რადგან ეს პროდუქტი გამოიყენება საგზაო სამუშაოებში, რა მხრივაც პროექტები განხორციელების ეტაპზეა და მოთხოვნაც, წესით,  მაღალ ნიშნულზე უნდა იყოს. კორონავირუსი აღმოჩნდა ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოლოდინი არ გამართლდა. გარკვეული დროის განმავლობაში საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი იყო და პროდუქტი ვერ შემოდიოდა. 

ირანის ისლამური რესპუბლიკიდან იმპორტის ხაზი, ფაქტობრივად, გაწყდა. რამდენიმე თვეა, პროდუქტის მოწოდება არ ხდება, შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გადაწყობა ვერ მოხერხდა. დღეს მომწოდებლები არიან აზერბაიჯანი, ერაყი და თურქეთი, მაგრამ დროის სიმცირის გამო იმპორტი სრულფასოვნად ვერ ხერხდება. 

შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე სანავთობო ბიტუმის დეფიციტია. იმპორტის კლება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გზების მშენებლობის პროცესი შენელდა ან შემცირდა, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად არ არის პროდუქტი, იმპორტში პრობლემაა. ზოგადად ასე ხდება, როცა ბაზარი არ არის დივერსიფიცირებული, ახალ ბაზრებზე გადაწყობა, მოწოდების ახალი გზების მოძიება კი ჯერჯერობით გართულდა“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ვანო მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ ალტერნატიულ ბაზრებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პროდუქტის ფასი დაბრკოლებად რჩება.

,,რთულად პროგნოზირებადი სიტუაციაა. მართალია, მთავრობა დიდ თანხას ხარჯავს გზების მშენებლობისთვის და მოთხოვნა არის, მაგრამ სრულფასოვანი მოწოდებიოს პრობელმა გაჩნდა. ეს განაპირობა იმან, რომ მთლიანად ირანულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული, სანავთობო ბიტუმის 95% ირანიდან შემოდიოდა. შესაბამისად, ეს მიმართულება რომ შეიზღუდა, სრულფასოვანი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა და დეფიციტი გაჩნდა. 

დღესდღეობით გამოსავალი ახალი ბაზრის მოძიებაა , მაგრამ მნიშვნელოვანია, ფასი რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება, ანუ პრობლემა ამჟამად პროდუქციის ფასია. ირანული პროდუქტი მცირე პარტიებით შემოდიოდა და ღირებულებითაც მისაღები იყო. სავარაუდოდ, 2021 წელს მოგვარდება პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით გაგვიჭირდება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×