
გერმანიის ხელისუფლება საკუთარი კომერციული ინტერესების ხარჯზე სხვა, თუნდაც მისი მოკავშირე ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების შელახვას არ ერიდება - მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს გერმანიის მცდელობა როგორმე ბოლომდე მიიყვანოს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლოდა, რომელსაც აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, აშშ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და რომლის მიზანშეწონილობაზეც თავად გერმანიის პოლიტიკურ ელიტაშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა.
ეს ახალი გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და მისი დახმარებით რუსეთს საშუალება ეძლევა უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს საკუთარი ბუნებრივი გაზი ევროპას. ექსპერტთა აზრით ამას პირველ რიგში კატასტროფული შედეგი ექნება უკრაინისთვის და ზოგადად ევროპაში რუსეთის გავლენაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. მათივე შეფასებით, ამ პროექტიდან კომერციული თვალსაზრისით მიღებული შემოსავალი ვერ გადაწონის მასთან დაკავშირებულ ახალ გეოპოლიტიკურ საფრთხეებსა და გამოწვევებს ევროპისათვის და სავარაუდოდ, თავად გერმანიისთვისაც.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლებას ეწინააღმდეებიან. მათი აზრით, ამ პროექტის განხორციელებით გაიზრდება რუსეთის გავლენა რეგიონებში.
გერმანული მედიის ცნობით, ამერიკელები იმუქრებიან გამანადგურებელი იურიდიული და ეკონომიკური სანქციების დაწესებით და მათ აქვთ ცნობები ყველა კომპანიაზე, რომელიც ამ პროექტს უჭერს მხარს.
თავის მხრივ გერმანიის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას ისე, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭება აიცილოს თავიდან. ორი დღის წინ ცნობილი გახდა გერმანიის მთავრობის ახალი შეთავაზების შესახებ აშშ-სათვის.
გერმანული „დი ცაიტის" ინფორმაციით, გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა აგვისტოს დასაწყისში წერილი მისწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს, სადაც, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობაზე აშშ-ის თანხმობის სანაცვლოდ ჰპირდებოდა საზოგადოებრივი დახმარების გაძლიერებასა და ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის მისაღებად საჭირო ტერმინალების მშენებლობისათვის.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ეს განცხადება, შეფასებულია, როგორც „ქრთამი", რომელზეც პასუხად აშშ-საგან უარი და მკაცრი სანქციების დაწესების მუქარა მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობას გერმანიასა და რუსეთს შორის გაზის მილსადენების გაყვანის თაობაზე, იზიარებენ სხვა ევროპის ქვეყნებიც, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. ევროკავშირს კი მიაჩნია, რომ რუსეთი თავის „გაზპრომს" ამჯერადაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.
ჯერ კიდევ ივლისში, დონალდ ტრამპმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2" გამოაცხადა „ენერგეტიკულ საფრთხედ ევროპული ქვეყნებისათვის" და ყველა კომპანია გააფრთხილა, რომ პროექტის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის შემთხვევაში „ნებისმიერი შედეგისთვის იყვნენ მზად".
ნავალნის საქმე და შიდა წინააღმდეგობები
ამ გაზსადენთან დაკავშირებით გერმანიის პოლიტიკურ ელიტაშიც შიდა დაპირისპირებაა როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, მან „ზეწოლა განიცადა საკუთარი კოალიციური პარტნიორებისგან", მათ სურთ, რომ მერკელმა შეწყვიტოს „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალინის მოწამვლის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ რუსული სპეცსამსახურებისათვის ხელმისაწვდომი საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური აგენტით „ნოვიჩიკოთ" მოწამლეს. იგი ამჟამად გერმანიაში მკურნალობს.
ანგელა მერკელი ნავალინის მოწამვლასა და გაზის მილსადებენის პროექტს ერთმანეთს არ უკავშირებს.
„ნავალინის საქმე და მილსადენების პროექტი ორი სხვადასხვა საკითხია და არ უნდა დავუკავშროთ ერთმანეთს", - ამბობს მერკელი, ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს.
გერმანიის კანცლერის განცხადებებს მისი გუნდიდან მხარს არ უჭერს გარემოს დაცვის მინისტრი ნორბერტ როიტგენი. „ამ ნაბიჯით რუსეთს შეექმნება იმის ილუზია, რომ სწორ პოლიტიკას ატარებს, რაც მიუღებელია" - განაცხადა როიტგენმა.
გარემოს დაცვის მინისტრის აზრს იზიარებენ ევროპარლამენტის წევრებიც, რომლებიც მოუწოდებენ ევროპულ სახელმწიფოებს, ყველაფერი გააკეთონ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის შესაჩერებლად.
გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით კი, ნებისმიერი სახის სანქციები მათთვის მიუღებელია და საკუთარ სუვერენულ უფლებებში ჩარევის საშუალებას არავის მისცემენ.
გერმანიის საგარეო მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, „არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ენერგეტიკული პოლიტიკა უკარნახოს ევროკავშირს".
„ჩრდილოეთ ნაკად 2"-ს ასევე აქტიურად ლობირებს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, რომელიც ამჟამად რუსულ „როსნეფტში" მუშაობს, მანამდე კი „გაზპრომში" ეკავა მაღალი თამადებობა.
გერმანია-რუსეთის თანამშრომლობა, როგორც საფრთხე აღმოსავლეთ ევროპისათვის
„ჩრდილოეთ ნაკადი 2"-სა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე „რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს საერთაშორისო და ენერგეტიკის საკითხებში, მურმან მარგველაშვილსა და კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. ისინი ამ პროექტის გეოპოლიტიკურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში ოფიციალური მოსკოვი მნიშვნელოვნად გაიძლიერებს პოზიციებს ევროპაში და გერმანია მას ამაში ეხმარება.
„რუსეთისთვის მთავარი უკრაინის სატრანზიტო შემოსავლების გარეშე დატოვება და გვერდის ავლაა, შესაბამისად, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შესუსტება", - ამბობს მურმან მარგველაშილი.
„რუსეთის ამ ნაბიჯით უკრაინა ნაკლებლად მნიშვნელოვანი გახდება ევროკავშირისთვის და ეს ფაქტობრივად არის პოლიტიკური პროექტი. ხოლო გერმანია დაიკმაყოფილებს საკუთარ კომერციულ ინტერესებს, რის შედეგადაც ევროკავშირთან მისი ურთიერთობები შეუსუსტდება, რადგან ევროკავშირი მხარს არ დაუჭერს მას", - აცხადებს მარგველაშვილი.
მარგველაშვილი საუბრობს აშშ-ს პოზიციაზეც და ამბობს რომ ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს შესაძლოა გეოსტრატეგიულთან ერთად კომერციული ინტერესიც ჰქონდეთ, რადგან ისინი აწარმოებენ ე.წ გათხევადებულ გაზს, რომელიც ბევრჯად ძვირია ბუნებრივ გაზზე.
„აშშ ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახდენს გათხევადებული გაზის ექპორტს. გათხევადებული გაზი არის უფრო ძვირი, ვიდრე ბუნებრივი გაზი, ამიტომ შეიძლება ამ პროექტის („ჩრდილოეთის ნაკადი 2") განხორციელების შემთხვევაში, კონკურენციის არსებობის გამო, აღარ გაიყიდოს მათი გათხევადებული გაზი", - ამბობს მარგველაშვილი.
ექსპერტის აზრით, გერმანია-რუსეთის თანამშრომლობა საფრთხეს წარმოადგეს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის, უკრაინისა და მოლოდვასთვის, რომლებიც კარგავენ რუსეთიდან გაზის გატარების ფუნქციას ევროკავშირის მიმართულებით.
„არ არის გამორიცხული რუსეთმა შეუწვიტოს უკრაინას გაზის მიწოდებაც, ამის წინააღმდეგ დაიწყო უკვე უკრაინამ თავდაცვითი ღონისძიებები და რუსეთიდან აღარ ყიდულობს გაზს უკვე რამდენიმე წელია", - ამბობს მარგველშვილი.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ პროექტის განხორციელება დამანგრეველი შედეგების მომტანია, რადგან ის დაკარგავს რამდენიმე მილიარდს. მისივე თქმით, ამ გაზსადენით რუსეთი ევროპულ ქვეყნებშიც შეეცდება საკუთარი პოზიციების გაძლერებას, თუმცა ევროკავშირთან ეს გაუჭირდება.
მძიმე დარტყმა უკრაინისთვის
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში კორნერი კაკაჩიას აზრით კი, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ევროპის ქვეყნებში პოზიციების განმტკიცებას, რადგან ეს მისი პოლიტიკის ნაწილია.
„რუსეთის ერთ ერთი მთავარი მიზანია ევროპაში საკუთარი ძალების განმტკიცება. მთავარი სამიზნე საფრანგეთი და გერმანიაა, ყველაზე დიდი ქვეყნები ევროპაში და მათზე გავლენის მოპოვებით სურს ხელი შეუშალოს ევროკავშირის ერთიანობას. ასეთი მიდგომა მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", - აღნიშნავს კაკაჩია.
ექსპერტი ასევე „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედების შემთხვევაში უკრაინის მდგომარეობაზე საუბრობს.
„ეს დარტყმას მიაყენებს უკრაინას, რომელიც იყო მანამდე ტრანზიტული სახელმწიფო. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის. ამით მას უნდა შემოსავლები წაართვას ქვეყანას და არ იყოს დამოკიდებული უკრაინის კეთილგანწყობაზე ევროპაში გაზის ექსპორტის საკითხებში", - ამბობს კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, გერმანიისთვის ეს პროექტი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანია, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად მიუღებელი.
„ეს პროექტი დიდი ხანია განიხილება. უკრაინის კრიზის შემდეგ წნეხი გერმანიაზე კიდევ უფრო გაიზარდა და მისგან საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატურ პასუხს ელოდება, რაც რუსეთისთვის შეთანხმებაზე უარის თქმაა. თუმცა გერმანიაში არის ძალიან დიდი საფუძველი ამ პროექტის განხორციელების, რომელიც დაკავშირებულია ყოფილ კანცლერ შრიოდერთან და ასევე ბიზნეს წრეებთან, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტში, გერმანიას უნდა, რომ თვითონ იყოს მიმღები და მათი ბიზნესისთვის ეს მომგებიანია", - ამბობს ექსპერტი.
კაკაჩიას აზრით, ჯერჯერობით გერმანია არ არის დამოკიდებული რუსეთზე და სანამ ასეა, მას შეუძლია ფრთხილი პოლიტიკის გატარება. თუმცა, „თუ გერმანია უგულვებელყოფს უკრაინისა და მოლდოვას ინტერესებს და ასევე ევროკავშირის წინააღმდეგ წავა, ეს ნამდვილად არ იქნება სწორი", - ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, ეს პროექტი გაართულებს აშშ-გერმანიის ურთიერთობებსაც.
„გერმანელების აზრით, აშშ-ს გერმანია-რუსეთის ურთიერთობაში საკუთარი ინტერესები გააჩნია, კერძოდ, საკუთარი ბიზნესის წამოწევა და გაზის ექსპორტის გაზრდა სურს გერმანიაში. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ამერიკას უკეთ ესმის ამ პროექტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა", - ამბობს კაკაჩია.
მისივე აზრით, თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ვერავინ აკრძალავს, თუ კი ის საფრთხეს არ უქმნის სხვა სახელმწიოფოების უსაფრთხოებას.
„ეს თუ მოხდება ისე, რომ სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესები არ იქნება შებღალული, მაშინ არავითარი პრობლემა არ არსებობს" - ამბობს ის.
მისი აზრით, „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ს აქვს ეკონომიკურთან ერთად გეოპოლიტიკური მხარეც, რომელსაც მშვენივრად იყენებს რუსეთი.
„არ არის გასაკვირის რუსეთი ეცადოს გერმანიის დაშანტაჟებას. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს როგორ იყენებს ენერგორესურსებს რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. ბუნებრივია, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდება, შეიძლება გერმაანიის წინააღმდეგაც გამოიყენოს", ამბობს კაკაჩია.
მისი პროგნოზით, ამ პროექტის ამოქმედებით სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ უფრო დაიძაბება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები.
„რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოურთოს უკრაინას, ამ კუთხით პროექტი საფრთხის შემცველია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს კარგად გაითავისოს გერმანიამ და მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე არ იზრუნოს", - ამბობს ექსპერტი და იმედოვნებს რომ პროექტი მინიმუმ შეჩერდება, თუმცა, მისი აზრით, გერმანიას ძალიან გაუჭირდება სრულად უარი თქვას „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტზე.