
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ამასთანავე, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია. ამ საკითხის ირგვლივ ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, ადვოკატ ემზარ საბანაძემ გააკეთა კომენტარი.
„ბატონი ფურცხვანიძე და არა მარტო ის, ბაჩალიაშვილების ოჯახს, ძალიან ცუდად და ანტისახელმწიფოებრივად იყენებს, კერძოდ, მისი ინტერესია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის ჩამოყალბება და დესტაბილიზაცია. ამ ადამიანმა თქვა, რომ მას ჯერ ადვოკატი დაუკავშირდა და მასთან გასაუბრების შემდეგ მისცა გარანტია, რომ აღნიშნული ფოტომასალა არის ავთენტური, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ გაყალბებულია. აქ ნიშანდობლივი ისაა, რაც "მთავარმა არხმა" გამოაცხადა - ეს ინფორმაცია ჩვენ დავით ფურცხვანიძისგან მიღებული გვქონდა და რადგან ვიცნობდით ამ ადამიანს, მის წარსულს და რომ შევატყვეთ, ეს ფოტოსურათები გაყალბებული იყო, ამიტომაც არ გავაჟღერეთ აღნიშნული ინფორმაციაო. მაქვს კითხვა: როგორც ვიცი, ბატონი მიხეილ რამიშვილი "მთავარ არხთან" თანამშრომლობს და მას რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ჩემი კოლეგა არ შესულიყო შეცდომაში და არ გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც შემდგომში გააკეთა? დავით ფურცხვანიძე რატომღაც ყოველთვის საუბრობს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ეხება საქართველოს და ამიერკავკასიის საკითხებს. ჩემი აზრით, მავანს უნდოდა ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდა“. - განაცხადა საბანაძემ