
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ მომენტში, არსებულ კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და უახლეს მონაცემებს გვაწვდის. მისი თქმით ვირუსმა რთული ვითარება შექმნა, თუმცა, მოსახლეობა შეძლებისდაგვარად უმკლავდება მდგომარეობას.
„რთული ვითარებაა, ვირუსი აქვთ მასწავლებლებს, ექიმებსაც. აქედან გამომდინარე მოსახლეობა იცავს შესაბამის დაწებულ შეზღუდვებს. რუსეთის მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში" - ამბობს ზაქარეიშვილი.
პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აფხაზეთში ვირუსთან ბრძოლის შესაჩერებლად არ აქვთ საკმარისი რესურსები, თუმცა, მოსახლეობა იცავს დაწესებულ შეზღუდვებსდა თავს უფრთხილდება.
„აშკარად გაექცათ ვირუსი, არ აქვთ კლასტერები, არ იციან ვინ საიდან ავადდება, დაკარგულია კონტროლი. მადლობა ღმერთს, რომ ვირუსზე უკვე ადამიანებს აქვთ ინფორმაცია და იციან თავი როგორ უნდა დაიცვან. სიკვდილიანობა არ არის მაღალი, თუმცა, არ აქვთ რესურსები, საავადმყოფოებში არ არის ადგილები. რუსეთიდან შეაქვთ წამლები".- ამბობს ზაქარეიშვილი.
პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიის რთულ პირობებში საქართველოც ცდილობს აფხაზეთის დახმარებას.
„საქართველოდან მსოფლიო ჯანდაცვისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეაქვთ წამლები, არსებობს გარკვეული სახის კონსულტაციები. ასევე, საქართველო აფხაზეთს ამარაგებს სადეზინფექციო საშუალებებით და ეხმარება სხვადასხვა ტექნიკურ საკითხში".- ამბობს ის.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთის სკოლებში, სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და სასწავლო პროცესის გაუქმება არ იგეგმება.
„ჯერჯერობით არ საუბრობენ სწავლის გაუქმებაზე, იცავენ ნორმებს. ბავშვებში ვირუსი არ არის გავრცელებული, უფრო ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან".
პოლიტოლოგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აფხაზეთში, კერძოდ კი გალში მცხოვრებ მოსახლეობას ვირუსის ფარგლებში, შეზღუდული აქვს გადაადგილება, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ნიშნები არ ჩანს.
„გალის მოსახლეობის მიმართ ახალ ხელისფლებას უკეთესი დამოკიდებულება აქვს წინასთან შედარებით. გალის მაცხოვრებლები არ წუწუნებენ, მათ უწევთ ზოგადი სირთულეების გადალახვა - ჩაკეტილია გამშვები პუნქტები და ვერ გადაადგილდებიან, ზოგადად კი, ხელისუფლება, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მათ და ისინი ამას გრძნობენ. შეზღუდვები და დისკომფორტი არის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ზეწოლა გამძაფრებულია, პირიქით შემსუბუქებულია, თუმცა, რა თქმა უნდა იდეალურისგან ძალიან შორსაა" - ამბობს ზაქარეიშვილი.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ აფხაზეთის მხრიდან რუსეთთან საზღვრის გახსნა დაკავშირებულია კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებულ მდგომარეობასთან.
„ცალსახად საზღვრის გახსნასთან არის კავშირში. ტურისტების შემოსვლის პარალელურად ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო გადაადგილება, მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონამდე ყველაფერი იყო ჩაკეტილი და მოსახლეობა გამოიკეტა სოფლებსა და ქალაქებში. აშკარაა, რომ ვირუსის გავრცელება, ტურისტული სეზონის გახსნამ გამოიწვია, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება. - ამბობს პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.