
ერთ კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ორი ასეული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება, ვირუსმა თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, ვკარგავთ თუ არა თანდათან კონტროლს სიტუაციაზე და არის თუ არა აუცილებელი, რომ ინფექციის შესაჩერებლად მკაცრი ზომები დაწესდეს?
ორშაბათის დღიური მონაცემბით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1534-ს შეადგენს, გარდაცვლილტა რიცხვი კი უკვე 20-ს შეადგენს.
აჭარაში რთული კოვიდმდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, კარვები ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ინტერპრესნიუსის" ცნობით, მსგავსი კარვები თბილისშიც განთავსდება, კონკრეტული ლოკაციები კი უახლოეს დღეებში გახმაურდება.
სწავლების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაც ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში.
"შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ, ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა." - აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ქვეყანა ამჯერად ვირუსზე კონტროლს არ კარგავს, თუმცა, მისი თქმით, „მთლად კარგი სიტუაცია არაა".
"კონტროლს ჯერჯერობით არ ვკარგავთ, ყველა კონტაქტის მოძიება მაინც მიდის, კონტროლის დაკარგვა იქნება, როცა კონტაქტების მოძიება ვეღარ მოხერხდება - ამჯერად კონტროლს არ ვკარგავთ, თუმცა, მთლად კარგი სიტუაცია არაა, იმედი მაქვს, რომ შევაკავებთ.
„კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი შემაშფოთებელი ალბათ არაა, მაგრამ ძალიან საყურადღებო და გასაფრთხილებელია, ახლა ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია, თბილისში ისეთი დიდი რაოდენობა არაა, თუ ძალიან არ გაგვივრცელდა. ამიტომაცაა ის ღონისძიებები გატარებული, ისევ ონლაინ სწავლება და ა.შ.
„კარანტინის საკითხს მე არ ვწყვეტ, ამას მთავრობა და დაავადებათა კონტროლი წყვეტს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ისეთი მუშაობა მიმდინარეობს, რომ კარანტინი საჭირო არაა, მაგრამ რა იქნება, ვერ გეტყვით."- განაცხადა მან.
როგორც ლიეტუვაში საქართველოს საელჩო აცხადებს, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14 -დღიან თვითიზოლაციას გაივლის, ამასთანავე, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.
„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
იზოლაციის 14 -დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე,"-ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ენდელაძის თქმით, ლიეტუვის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან საქართველოში დღიური მაჩვენებელი მომატებულია, ბუნებრივია, რომ ქვეყანას ინფექციის გაპარვის ეშინია.
„ვინაიდან აქ რაოდენობა მოიმატა, ყველა ქვეყანა თავის ხალხზე ფიქრობს და ეშინია, რომ რაღაცა არ გაიპაროს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებული არაფერია, შეზღუდვები ჩვენც ხომ გვაქვს, ყველას აქვს შეზღუდვები.
„თუ რაოდენობა გაორმაგდა შესაძლოა გარკვეული მკაცრი შეზღუდვებიც შემოიღონ, თუმცა ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა" - განაცხადა ენდელაძემ.