
რუსეთის მე-8, 49-ე და 58-ე არმიებმა საქართველოს დედაქალაქიდან 116 კილომეტრში, ცხინვალის მიმართულებით მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. "საქართველოს საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიული სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020". ეს არის მუსკულების დემონსტრირება. აგრესიის შემთხვევაში, წვრთნებში მონაწილე სამხედრო არმიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სამხედრო აგრესიაში - განაცხადა "რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ. მისივე თქმით, „კავკასია 2020" ერთგვარი პრელუდიაა.
„საქართველოს "კავკასია 2020-ს" წვრთნები რეალურ საფრთხეს უქმნის. პირველ რიგში, ეს არის მუსკულების დემონსტრირება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტარდება, მეოთხე და მეშვიდე ბაზების შემადგენლობაში. არის ოპერატიული სამხედრო წვრთნები, თან სამეთაურო-საშტაბო. აგრეთვე, „კავკასია 2020" ერთგვარი პრელუდიაა.
რუსეთის სამხედრო წვრთნა - „კავკასია 2020" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. აფხაზეთში, ოჩამჩირესა და სოხუმთან არსებულ სამხედრო პოლიგონზე. აგრეთვე, ცხინვალში, სოფელ თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მე-8, 58-ე და 49-ე არმია წვრთნებს ატარებს, რომელიც საქართველოს ემიჯნება. აგრესიის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მონაწილეობა საქართველოს სამხედრო აგრესიაში მიიღონ", - განაცხადა „რეზონანსთან" მაისაიამ.
ცნობისათვის, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს, რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020" დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, წვრთნებში, ჯამში, 80 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. სტრატეგიული წვრთნები "კავკასია 2020" სამხრეთ სამხედრო ოლქის რამდენიმე საწვრთნელ ლოკაციაზე ტარდება.
„კავკასია 2020" -ის წვრთნების ფარგლებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო თვითმფრინავები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ.
წვრთნებში რუსეთთან ერთად სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმარისა და პაკისტანის სამხედრო ნაწილები ჩაერთვებიან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები დამკვირვებლის როლს შეასრულებენ.
რაც შეეხება, აზებაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება - მაისაია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთგვარი პრევენციაა.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება ერთგვარი პრევენციაა. „კავკასია 2020-ს" ფარგლებში იგეგმება რუსეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო -საზღვაო წვრთნები. რუსეთიც და სომხეთიც ემზადებიან სამხედრო წვრთნებისათვის, თურქეთიც აკეთებს მზაობას კავკასიის მიმართულებით", - განაცხადა „რეზონანსთან" მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი თავს დაიცავს.
"სომხეთი აგრესიული სახელმწიფოა. მათი სიძულვილი აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების მიმართ აისახება მათ პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და გავაფრთხილო ისინი, რომ თუ უარს არ იტყვიან თავიანთ გეგმებზე, ეს მათ ძალიან სერიოზულ შედეგებს მოუტანს.
ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი თოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. თოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ", - ილჰამ ალიჰევის კომენტარს yenisabah-ი ავრცელებს.