
სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელშიც „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რუს დეპუტატსა და „კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს იგორ მოროზოვს საქართველოში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობაზე ელაპარაკება, პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. თავად ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური ამაში არაფერია და უბრალოდ რუსმა მეგობარმა მას სთხოვა ინფორმაციის მოძიება, რამდენად მომგებიანი იქნებოდა საქართველოში ერთი კონკრეტული ბიზნესის დაწყება.
„ეს ინფორმაცია არის ფალსიფიცირებული. მოროზოვი გახლავთ ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ხნის მეგობარი. ადამიანმა ელემენტარულად დამირეკა და მთხოვა გამეგო რაღაც ბიზნესის შესახებ, იყო თუ არა ეს ბიზნესი საქართველოში და მეტი არაფერი. ახლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! როგორც ვთქვი, ის არის ჩემი მეგობარი, ხშირად ჩამოდის საქართველოში და შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე", - ამბობს ბრეგაძე.
ბრეგაძემ ასევე ისაუბრა იმ ბიზნესის შესახებ, რომელიც რუს დეპუტათან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
„მოროზოვმა მთხოვა გამერკვია, რამდენად გადიოდა პროპანისა და ბუტანის ე.წ. ბალონის გაზი ქართულ ბაზარზე. მე, სამწუხაროდ, ვერ გავურკვიე. სხვა მხრივ არანაირი მითითებები მისგან არ ყოფილა. ან რა მითითებები უნდა ყოფილიყო - რამდენი გაზის ბალონი დაიტენება საქართველოში, თუ რამდენი ბალონი გაიყიდება?! ეს იყო თხოვნა გამეგო - რა რაოდენობით და როგორ შეიძლება გასაღდეს პროპანისა და ბუტანის ბალონის გაზი ქართულ ბაზარზე", - ამბობს სანდრო ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „ქართული მარშის" ლიდერმა და რუსმა დეპუტატმა რუსეთიდან საქართველოში გაზის შემოტანის შესაძლებლობა განიხილეს, ფალისიფიცირებულია. როგორც ბრეგაძე „რეზონანსთან" აცხადებს, მისი სატელეფონო საუბარი მოროზოვთან უკრაინაში დაამონტაჟეს და „იუთუბზე" ატვირთვეს.
ჩანაწერში ყოფილი „კა-გე-ბე"-ს პოლკოვნიკი „მარშის" ლიდერს ქართულ ბაზარზე რუსული გაზის შემოტანის საკითზე ესაუბრება და ბიზნეს იდეის განხორციელების შემთხვევაში ბრეგაძეს დიდ მოგებას პირდება.