
„სავარუდოდ, „ოცნება“ პარტიულ სიას ოქტომბრის დასაწყისში წარდგენს. ეს იქნება ისევ ნაწილობრივი თუ მთლიანი სიის წარდგენა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ სიაში მოვიაზრები, მაგრამ სად და რომელ ოცეულში ვიქნები, ამას ჩეთმთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლადო კახაძე „ოცნების“ პროპორციულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ოცნებისგან“ განსხვავებით, ჯერ არცერთ ოპოზიციურ პარტიას თავისი პარტიული სია არ წარუდგენია. ეტყობა ჩვენ გველოდებიან. მინდა განვაცხადო, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ 120-კაციანი სია ღირსეული და პროფესიონალი ადამიანებით დააკომპლექტოს. ვადებს არ ვარღვევთ და სავარაუდოდ, „ოცნება“ პარტიულ სიას ოქტომბრის დასაწყისში წარადგენს. რა ფორმით მოხდება, ისევ ნაწილობრივ თუ მთლიანი სიის წარდგენა, ვერ გეტყვით“, - განაცხადა კახაძემ.
„რეზონანსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის სიის მეორე ოცეულის პირველ ხუთეულში დიდი ალბათობით მოხვდებიან ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, რომან კაკულია და დავით მათიკაშვილი.
„რაც შეეხება დასახელებულ პირებს, მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს საკანონმდებლო ორგანოში და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ახალ სიაშიც მოხვდნენ. მაგრამ, დარწმუნებლი ვარ, რომ ახალ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, „ოცნების“ საარჩევნო სიაში, სავარაუდოდ, თავადაც იქნება.
„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ სიაში მოვიაზრები, მაგრამ სად და რომელ ოცეულში ვიქნები, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდთან მუშაობა და ის ხალასი დამოკიდებულება, რომელიც მაქვს ბიძინა ივანიშვილთან და მე ამას არ ვმალავ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.