მარიკა ხორავა
22.09.2020

„მამუკა ხაზარაძის განცხადება საზოგადოებამ ირონიულად აიტაცა, რადგან მევახშეობის წინააღმდეგ თავად ბანკირი წავიდა. თავად ტერმინ „მევახშეს" არ მივესალმები და ზოგადად მაწუხებს არასაკმარისი კონკურენცია საბანკო სექტორში", - განაცხადა „რეზონანსთან" ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ.

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სერიოზულად აპირებენ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას. იგი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს.

„მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ - ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები - რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა. და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას.

„პირდაპირ მინდა გამოვიდე ინიციატივით. თქვენს ეთერში და სხვა ეთერებში გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა „მევახშით". მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ხაძარაძემ ცოტა სხვა კონტექსტით თქვა, მაგრამ, რადგან ბანკირმა წარმოთქვა ეს ფრაზა, საზოგადოებამ ირონიულად აიტაცა.

„როგორც მომხმარებელს შემიძლია ვთქვა, რომ თავად ტერმინ „მევახშეს" დიდად არ მივესალმები. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისი კონკურენციაა საიმისოდ, რომ ამ ყველაფერმა არ მიიღოს ძალიან მძიმე ფორმა, რის გამოც კაბალური პირობებით ვეთანხმებით საბანკო შემოთავაზებებს. საქართველოში არ არის დარჩენილი ადამიანი, ვისაც არ აქვს იპოთეკა, ან სხვადასხვა ტიპის სესხები ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში", - განაცხადა გამზარდიამ.

მისივე შეფასებით, ეს განცხადება გარკვეულ გავლენას იქონიებს „ლელოს" რეიტინგზე.

„წინასაარჩევნო რეიტინგზე შეიძლება გარკვეულწილად მოახდინოს გავლენა, თუმცა, არ მგონია ამ განცხადებას განსაკუთრებული ცვლილება მოჰყვეს, იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძის საბანკო წარსულს ნეგატიურად უყურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მისთვის ეს არაფრის მომცემია. ვინ ნეგატიურად არ უყურებს, თავისთავად შეიძლება მასზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს.

„ზოგადად, თემის ირონიზირება ერთი მხრივ უფრო ამსუბუქებს პოლიტიკოსის მიმართ საზოგადოებრივ განწყობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას განსაკუთრებული ნეგატიური რეაქცია მოჰყვება, თუ ეს არ არის სერიოზული კამპანია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ წრეებს ნაკლებად შეუძლიათ", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×