
ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შანსებს, რომ რეალური კონკურენცია გაუწიონ მმართველ პარტიას 31 ოქტომბრის არჩევნებზე, - ასე აფასებ ანალიტიკოსთა უმრავლესობა „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიციაში ისედაც არსებული განხეთქილების კიდევ უფრო გამწვავებას.
„ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ სერიოზული ვნებათაღელვა მოყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მიუღებელია და გამორიცხავენ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს. „ევროპულმა საქართველომ" კი სამშაბათს მკვეთრი განცხადება გააკეთა - პარტიი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპული" საქართველო იძლევა ორ დაპირებას - რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან" და მხარს არ დაუჭერენ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით პარტიებს შორის კონკურენცია ბუნებრივია, თუმცა ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის", კერძოდ კი სააკაშვილის პოზიცია ამწვავებს. მისი თქმით, სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე შეტევას ახორციელებს.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნებიდან" წასულ ამომრჩეველს გადაიბირებს, ძველ ამომრჩეველზე აკეთებს აქცენტებს, თუნდაც 2016 წლის ამომრჩეველზე, სანამ „ევროპული საქართველო" ან სხვა პარტიები მათ ამომრჩველეს წაიყვანდა. ასე რომ, ეს ტენდენცია მათი მხრიდან პრაგმატული პოზიციაა", - ამბობს ძაბირაძე.
მიმდინარე დაპირსპირებაზე პოლიტოლგი ნიკა ჩიტაძეს საუბრობს. როგორც ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება სამწუხარო ფაქტია, რადგან ამცირებს არჩევნებში რომელიმე მათგანის გამარჯვების შანსს. მისი აზრით, პარტიებმა პირველ რიგში ამომრჩეველზე უნდა იფიქრონ.
„ამომრჩეველში ნეგატიურად აღიქმება ის ფაქტი, რომ მიუხედავად მოლაპარაკებებისა ოპოზიციამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ერთიანობაზე. ამიტომ, თუ სურთ ვითარების დაბალანსება, უნდა გამოვიდნენ და მიმართონ ხალხს, რომ უთანხმოების მიუხედავად უფრო მეტი საერთო აქვთ და მათი მიზანი „ქართული ოცნების" დამარცხებაა. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ და ავიწყდებათ, რომ პრიორიტეტული არის ამომრჩევლის ხმა", - ამბობს ჩიტაძე.
ოპოზიციურ ფლანგზე პირველობის მოსაპოვებლად მიმდინარე დაპირისპირება, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, პარტიების არაორგანიზებულობაზე მიუთითებს. როგორც მან „რეზონანასთან" საუბრისას განაცხადა, ოპოზიციური პარტიები წინ არ იხედებიან, რაც უდიდესი შეცომაა მათი მხრიდან.
„ულვაშებიანმა ვაშაძემ როგორც აღნიშნა, „მოუკვლელი დათვის ტყავს" ინაწილებენ პარტიები. ანალოგიური შეცდომები ოპოზიციაზე უარყოფითად აისახება. ვფიქრობ, აქ ბრძოლა ამომრჩევლთა ხმის მაქსიმალურ რაოდენობისთვის კი არა, არამედ თავიანი ამომრჩეველთა ხმების მობილიზებისათვის მიმდინარეობს. ეს რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობისთვის" 16%-ია, ან ცოტა მეტი. ასეთი რეიტინგის პირობებში, სააკაშვილმა იცის, რომ ივანიშვილის დამარცხებას ვერ შეძლებს. ამიტომ არარეალისტური მიზნის გამოკიდებას ურჩევნია რეალისტური მიზანი - საკუთარი ამომრჩევლის ხმების მობილიზაცია, რომელიც მას მე-2 ადგილს მაინც მისცემს.
„ასეთი მობილიზაციისთვის მან უნდა იძახოს, რომ შეცვლის ხელისუფლებას, რომ ჩამოვა საქართველოში და იქნება იმ 16% ამომრჩევლის გვერდით, რომლებიც მისი ფანატები არიან და თვალდახუჭული მიყვებიან მიშას ქარიზმას. სწორედ მათ შესანარჩუნებლად სააკაშვილი ავლენს შეურიგებლობასა და აგრესიას იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ. თავისთავად მისი თაყვანისმცემლების გვარდიას არ უყვარს ოპოზიცია, ამიტომ სააკაშვილი ამ დაპირსპირებით არაფერს კარგავს, პირიქით ინარჩუნებს ამომრჩევლის ხმას", - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე აზრით, ოპოზიციის უარი სააკაშვილის მხარდაჭერაზე, თავად ყოფილი პრეზიდენტის ბრალია.
„ოპოზიციური პარტიებიდან გარკვეული ლოგიკა არის, რადგან თავის დროზე თვითონ სააკაშვილმა გაამწვავა ურთიერთობა და ოპოზიცია პასუხს ამ დაპირსპირებით სცემს. გარდა ამისა, ოპოზიციას არ სურს იყოს სააკაშვილის პარტიის ნაწილი და ამ ნაბიჯით იშორებენ „სააკაშვილის შვილობილის" იარლიყს. გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ხელსაყრელი იყოს ეს პოზიცია, მაგრამ დარჩენილი 1 თვე არჩევნებამდე ძალიან ცოტაა ამომრჩევლის განწყობის შესაცვლელად", - ამბობს საყვარელიძე.