მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია, 2-3 თვეში შესაძლოა, ქუთაისიდან რეისების შესრულებაც დაიწყოს
გვანცა წულაია
22.09.2020

სულ მალე ავიაბაზარზე ახალი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გამოჩდება. მისი შექმნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მართალია, მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ თუკი შეთანხმება შედგა, ქვეყანაში პირველად, ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს შეასრულებს.  

საქართველოში პირველად გაჩნდა შანსი, რომ ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეიქმნას. ამჟამად, მოლაპარაკებები დიდწილად უკვე დასრულებულია და როგორც კი შეთანხმება შედგება, ახალ ქართულ კომპანიას, მაქსიმუმ, 2-3 თვეში ფრენის შესაძლებლობა მიეცემა. მას ორი „ეარბასის“ ბორტი ეყოლება და ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება.

„ჰაბ ჯორჯიის" დამფუძნებელ გიორგი კოდუას განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული დაბალბიუჯეტიანი კომპანია პირველივე წელს ქუთაისიდან მოახდენს 100 ათასი მგზავრის გადაყვანას.

„საქართველოს ავიაბაზარზე პირველად ხდება მსგავსი რამ. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. პირველ ნაბიჯზე საუბარი იქნება ორ „ეარბას 320” თვითმფრინავზე. ანალოგიური თვითმფრინავი ბაზირებული ჰქონდა „ვიზ ეარს” ქუთაისში. 2019 წელს უნგრულმა ავიაკომპანიამ 825 ათასი მგზავრი გადაიყვანა. 

ამ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, არა მარტო ევროპული, არამედ შუა აღმოსავლეთის, აზიის მიმართულებით შეასრულოს რეისები. გეგმაში არის, რომ პირველივე წელს ქუთაისიდან მოხდეს 100 ათასი მგზავრის გადაყვანა. 

,,ლოუქოსტის" პრინციპით მუშაობა მოხერხდება უფრო ქუთაისიდან. თბილისიდან ეს მოდელი შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს. ძნელია, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დაბალბიუჯეტიანი კომპანიები შემოვიდნენ. ამიტომ საუბარი, ძირითადად, მიდის ქუთაისის აეროპორტზე”, - განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი კოდუამ. 

მისივე თქმით, ქართული დაბალბიუჯეტიანი კომპანია 7-8 მიმართულებით აქტიურად მუშაობას შეძლებს, მაგრამ ეს პროექტი რომ განხორციელდეს, საჭიროა რამდენიმე კომპონენტის სინთეზი. 

„თვითმფრინავი უნდა იყოს ახალი და კონკურენტუნარიანი. უნდა იყოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობასთანაც და ქუთაისის აეროპორტთანაც. საჭიროა ასევე, ინვესტორის მზადყოფნა. ამ ყველაფრის გარეშე პროექტის განხორციელება ვერ მოხდება.  

ინვესტორისგან თანხმობა არსებობს, აეროპორტთან და სახელმწიფოსთან კი მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ აქაც არსებობს მხარდაჭერა. თუ ყველაფერი ეს წარმატებით დასრულდა, კომპანია ბაზარზე შემოვა და თავის საუკეთესო ფასებს წარმოადგენს. მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია, 20% კი, რაც დაჩენილია, დადებითად მიმდინარეობს. სრული პაკეტის შეკვრიდან 2-3 თვეში მოხდება ბაზარზე გასვლა. შესაძლოა, ოქტომბერში დაანონსდეს პროექტის განხორციელება. 2-3 თვეა საჭირო. ნოემბერ-დეკემბერში უნდა გვქონდეს პროდუქტი სახეზე. 

თავდაპირველად მოხდება რამდენიმე რეისის შესრულება. საუბარია 100 ათას მგზავრსა და ევროპის 7-8 მიმართულებაზე. შესაძლოა, თავიდან 2-3 მიმართულებით დავიწყოთ და ცოტა ხნის შემდეგ 7-8 მიმართულებით მოხდეს რეისების შესრულება. 

პარტნიორები იქნებიან უცხოელები, მაგრამ საკონტროლო პაკეტი ექნება ქართულ კომპანიას. ის იქნება ქართული და საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი”, - აღნიშნა „რეზონანსთან” კოდუამ. 

ავიაექსპერტი თამარ თანდაშვილი ფაქტს მიესალმება, მაგრამ მისი ამ ეტაპზე განხორციელება ნაკლებად რეალურად მიაჩნია, რადგან დღევანდელ რთულ ვითარებაში ნაკლებადაა იმის რესურსი, რომ ავიაკომპანია შეიქმნას. 

„რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმები, თუმცა არ მგონია, დღეს ის რესურსი არსებობდეს, რომლის მობილიზებაც მოხერხდება ავიაკომპანიის შექმნის მიმართულებით. ამას ბევრი დრო და გამოცდილი კადრები სჭირდება. ავიაკომპანიას თავის დამკვიდრება გაუჭირდება. ამ რთულ სიტუაციაში არ მგონია, საუკეთესო იდეა იყოს. 

ახლა ავიაკომპანიები კოტრდებიან, ძალიან რთულია ფინანსურად მისი შენახვა, რადგან შეზღუდულია ფრენები, საზღვრები იხსნება-იკეტება. ამიტომ, არ მგონია, ამ ეტაპზე იდეა იყოს რეალური. თუმცა, ზოგადად, რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავიაციო სექტორის გაძლიერება. ახლა რა ავიაკომპანიებიც გვყავს, იმის გაძლიერებაც ქვეყნის პრიორიტეტია”, - აღნიშნა „რეზონანსთან” თამარ თანდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×