ქრისტინე კაპანაძე
23.09.2020

წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესების პირობებში, დაპირისპირებებისა და უთანხმოების საფუძველზე გამოიკვეთა ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომელთა შორისაც მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის - ასეთია ექსპერტების მოლოდინი საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსებზე.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე, „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, თუ რომელ პარტიებს შორის გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა არჩევნებზე.

„8 სოციოლოგიური კვლევისა და პარტიების რეიტიგნების საფუძველზე, „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად სახელდება „ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი და ექსპერტი ნიკა ჩიტიძე იზიარებს, ანჯაფარიძის პოზიციას და 2020 წლის, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მთავარ კონკურენტებად, „ქართულ იოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" ასახელებს. ის ამბობს, რომ ამ პარტიებს შორის კონკურენცია წლებია მიმდინარეობს და წლევანდელი არჩევნების პირობებშიც „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად „ნაცმოძრაობა" რჩება.

„ჩემი პროგნოზით ბრძოლა არჩევნებზე გამარჯვებისთვის გაიმართება „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ეს ტრადიციული პროცესია. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, დავით ბაქრაძე - მან ამომრჩეველთა ხმების 22%-ი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა ხმების 27%-ი მიიღო, ასევე 2018 წელსაც მიმდინარეობდა ბრძოლა „ქართულ ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელს შორის. დღევანდელი სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მეორე ადგილზე გავა ნაციონალუროი მოძრობა". - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ექსპერტი „ნაციონალურ მოძრაობის" მაღალ რეიტინგს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი როლი პარტიაში მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში"სააკაშვილის ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის გახლავთ ქარიზმატული ლიდერი, გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვან წარმატებებს ქვეყანაში - სოციალურ-ეკონომიკურ, კორუფციასთან ბრძოლის, ინვესტიციების მოზიდვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით.

"შესაბამისად, ამომრჩეველსაც აქვს ნდობა მის მიმართ, საუბარია ნახევარ მილიონ ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული საქართველო" გამოეყო „ნაცმოძრაობას" და დაკომპლექტებულია ძალიან ინტელექტუალი ადამიანებით, მათი რეიტინგი მაინც დაბალია „ნაცინალურ მოძრაობასთან" შედარებით, რადგან აქ მაღალ რეიტიგზე სააკაშვილი თამაშობს გადამწყვეტ როლს"- ამბობს ჩიტიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

იმაზე თუ ვინ გაუწევს კონკურენციას „ქართულ ოცნებას", 31 ოქტომბრის არჩევნებში, მმართველი გუნდიდანაც საუბრობენ. „ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით მმართველი გუნდი არჩევნებში უკონკურენტოა.

„ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე არის, ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მომავალი 4 წლის განმავლობაში გავუმკლავდებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორი მიმართულება აქვთ არჩეული წინასაარჩევნო კამპანიისთვის, შედეგად კი, ამომრჩეველი, გააკეთებს სწორ არჩევანს, - არ მისცემს ხმას, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ვერაფერს ჰპირდებიან და ერთმანეთის დაპირისპირებით არიან გართულნი.

"სწორედ ამიტომ, ვერ მივიჩნევ კონკურენტად ვერცერთ პარტიას. ამ პარტიებმა თვითოვე შექმნეს ნეგატიური დამოკიდებულებები ჩვენი და ამომრჩევლის მხრიდანაც. რასაკვირველია ისინი გარკვეული ხმების რაოდენობას მოაგროვებენ, თუმცა, საზოგადოების უმრალესობა, "ოცნების" მხარდამჭერია.

"ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ხალხი არაფერს გვიმალავს, მათ შორის გვესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზეც, რადგან აქვთ სწორი მოლოდინი და ჩვენი იმედი. ჩვენ წარმატებით გავართმევთ თავს ამ 4 წელსაც, ისევე როგორც წინა 8 წლის განმავლობაში ვართმევდით". - ამბობს „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ჩვენთან საუბრისას.

„ქართული ოცნების" დეპუტატის, რევაზ არველაძის თქმით კი, წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდის რეიტინგი ძალიან მაღალია და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

„კონკურენტი ქართულ ოცნებას არ ჰყავს. ბოლო კვლევებისა და რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ამომრჩეველთა ხმა 50%-ს სცდება. ჩვენი გუნდისთვის არაფერს წყვეტს ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკონკურენტოები ვართ". - ამბობს რევაზ არველაძე „რეზონანასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×