
„არა მგონია, რომ რაიმე დიდი ქვეტექსტი იმალება გიული ალასანიას გადაწყვეტილებაში, რომელმაც უარი თქვა, კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში მაჟორიტარ კადიდატად.
"მან კარგად იცოდა, რომ რთული სიტუაცია იქნებოდა მის ირგვლივ. მეორე ვერსიით, ალბათ, „ნაციონალებმა" ნიადაგი მოსინჯეს, რამდენად იქნებოდა ალასანია კონკურენტუნარიანი კანდიდატი და ნახეს, რომ საქმე ასე არ არის", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ გიული ალასანიას გადაწყვეტილებას.
გიული ალასანიამ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა, უარი განაცხადა პარტიის შეთავაზებაზე. პარტიაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა მიზეზი ალასანიას ამ გადაწყვეტილებისა.
„არა მგონია, რომ გიული ალასანიას გადაწყვეტილებაში, რომელმაც უარი თქვა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე, დიდი ქვეტექსტი იმალებოდეს. სააკაშვილისთვის ზუგდიდი ძალიან მტკივნეული ადგილია. წინა წლებში ზუგდიდში ასევე კენჭს იყრიდა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი.
"როგორც ჩანს, ამ არჩევნებშიც უნდოდა, რომ თავისი ოჯახის წევრი ჩართულიყო. ერთი ვერსიით, შეიძლება, თავად გიული ალასანიას არ სურს, ჩაერთოს ამ ბრძოლაში, რადგან მოუწევდა კარდაკარ სიარული და შეიძლება, რთული სიტუაცია ყოფილიყო მის ირგვლივ, გაიმარჯვებდა თუ არა, ისიც სათუო იყო.
"მეორე ვერსიით, სააკაშვილს შეიძლება, ამ წუთშიც უნდა, რომ გიული ალასანიამ იყაროს კენჭი ზუგდიდში, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალებმა" ნიადაგი მოსინჯეს, რამდენად იქნებოდა გიული ალასანია კონკურენტუნარიანი კანდიდატი და ნახეს, რომ ასე არ არის საქმე, ანუ მას ზუგდიდში გამარჯვება გაუჭირდებოდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.