
იმპორტირებული ხორბლის ფასი ყოველდღიურად მატულობს. საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბალზე ფასი 10-15 დოლარით გაიზარდა. საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო პროდუქტი გააძვირა რუსეთში მომატებულმა ფასმა და გაუფასურებულმა ლარმაც, რაც, დიდი ალბათობით, პურპროდუქტების ღირებულებას გაზრდის. ამ ტალღას არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, ვეღარაფერი შეაჩერებს.
საქართველო სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანა 100%-ით რუსულ ხორბალს მოიხმარს. 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი 223 ათასი ტონა ხორბლის 100% სწორედ რუსული იყო.
მეზობელ ქვეყანაში მარცვლეული ძვირდება, ხოლო საქართველოში ლარი ყოველდღიურად უფასურდება, ამან შესაძლოა, უახლოეს პერიოდში პურპროდუქტების ფასზე ნეგატიურად იმოქმედოს და პირველადი მოხმარების პროდუქტი გააძვიროს.
საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირებულია 1 ბუშელი ხორბლის ღირებულებაც. 18 სექტემბერს მისმა ფასმა ჩიკაგოს მარცვლეულის ბირჟაზე 5,75 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, 22 სექტემბერს კი 1 ბუშელი ხორბალი 5,52 დოლარი ღირდა. ბოლოს ხორბლის ასეთ მაღალი ფასი 2020 წლის 25 მარტს დაფიქსირდა, როცა 1 ბუშელი 5,80 დოლარის ნიშნულზე იყო.
მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი აცხადებს, რომ ხორბლის ფასის ფორმირებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას: პირველი _ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები; მეორე _ ქვეყნის შიგნით ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. მხოლოდ ლარის გაუფასურების გავლენით 1 ტონა იმპორტირებულ ხორბალზე ფასმა რამდენიმე ათეული ლარით მოიმატა.
„გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, ფასი ბოლო პერიოდში გაიზარდა 60-70 ლარით. ეს არის ცვლილება, რაც განიცადა ხორბლის ფასმა 1 ტონაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო.
საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაზრდილია 10-15 დოლარით, თუმცა გაუფასურების გარეშე ეს არ არის ის სხვაობა, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დააწვებოდა ტვირთად“, _ განუცხადა „ბიემს" კუბლაშვილმა.
საქართველო ახლა ორმაგი „დარტყმის” ქვეშაა. პურპროდუქტებზე ფასი უახლოეს თვეებში შესაძლოა, ორი მიზეზით გაიზარდოს _ რუსული ხორბლის ფასი თითქმის ყოველდღიურად იზრდება და ასევე ყოველდღიურად უფასურდება ქართული ვალუტაც.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 2-3 თვის ხორბლის მარაგია და ამ ეტაპზე პურ-ფუნთუშეულზე ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.
„საქართველოში ხორბალი შემოტანილია 212 დოლარად და ამიტომ, ქვეყანაში არის იაფი მარაგი. ამის გამო, ჯერჯერობით, პურ-ფუნთუშეულზე ფასი არ მოიმატებს. თანაც, ამ პერიოდისთვის გაძვირება დამახასიათებელი არ არის და ვიმედოვნებ, რომ არც ახლა მოხდება.
ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ რუსეთი გახდა ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა. მან აჯობა კანადასაც და ამერიკასაც და დღეს ბევრ ხორბალს ყიდის.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთში არის ძალიან ბევრი კერძო მეურნეობა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ არ შევუქმნათ შემომტანებს ბარიერები. რაც მეტი ხორბალი შემოვა, მით უკეთესია და ამიტომ ნუ შევქმნით ზღუდეებს.
დღეს ფქვილის ფასი ასეთია _ 1 ტომარა 48-50 ლარი ღირს. ბათუმში 52 ლარი გამხდარა. ფქვილი ისედაც ამ ფასში იყო და ახლა არავითარი გაძვირება არ შეინიშნება. ნუ ვიმსჯელებთ პატარა საცხობების ფასით, ისინი არ განსაზღვრავენ ბაზარს. მთავარია მსხვილი მწარმოებლები, რომლებიც საქარხნე პურს აწარმოებენ.
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადგილობრივი მოსავალი იყოს წელს. ქვეყანაში ამჟამად, თუ არ ვცდები, 2-3 თვის მარაგია. არა მგონია, თუნდაც ამ მარაგის ამოწურვის შემდეგ, პურ-ფუნთუშეულზე ფასი გაიზარდოს. შესაძლოა, უმნიშვნელო კორექცია მოხდეს, მაგრამ დიდად გაძვირებას არ ველოდები”, _ განუცხადა „რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.
თუ რუსული ხორბალი გაძვირებას, ხოლო ქართული ფული გაუფასურებას განაგრძობს, ქვეყანაში მაინც რთული ვითარება შეიქმნება. მარაგის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს გაძვირებული რუსული ხორბლის შემოტანა მოუწევს, რაც ფასის ცვლილების შანსს ზრდის.
შპს „ლომთაგორას” ხელმძღვანელი კახა ლაშხი აცხადებს, რომ, დღეს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, გაძვირება საქართველოშიც დაიწყოს.
„წელს, დაახლოებით, 1 ჰექტარზე 2,5 ტონა მოსავალი იყო. ჩვენ გარშემო პურ-ფუნთუშეულზე ფასმა მოიმატა და ახლა, ყველა გარემოებიდან გამომდინარე, ალბათ, აქაც გაძვირდება, რადგან საქართველოს ამაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი არ აქვს”, _ აღნიშნა „რეზონანსთან” კახა ლაშხმა.
როგორც მწარმოებლების კომენტარებიდან ირკვევა, პურის ფასი, ალბათ, სტაბილური იქნება ერთი-ორი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მწარმოებლები საფასო პოლიტიკას სიტუაციიდან გამომდინარე გადახედავენ. ამასობაში, არჩევნებიც დასრულებული იქნება და რაიმე შემაკავებელი ფაქტორი აღარც მთავრობისთვის იარსებებს.