მარიკა ხორავა
24.09.2020

დილიდან ეროვნული ვალუტა არანორმალური ტემპით უფასურდება ხუთშაბათის შუადღის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი სავალუტო ჯიხურებში უკვე 3.3 ლარი ღირს. რა გავლენას მოახდენს ლარის გაუფასურება წინასაარჩევნოდ ხელისუფლების რეიტინგზე და როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი თავად 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.

„წინასაარჩევნოდ ლარის გაუფასურებაზე არ მიმიქცევია ყურადღება. წინა წლებში არ ვიცი როგორ გაუფასურდა ლარი წინასაარჩევნოდ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ლარის კურსის გაუფასურება თუ ვინმეს არ აძლევს ხელს, ეს არის ხელისუფლება.

„შეიძლება რამდენიმე მომენტი იყოს, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს. წინასაარჩევნოდ დიდი რაოდენობით ფული იხარჯება, ბაზარზე გამოდის ძალიან დიდი რაოდენობით ლარი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ხარჯავს ამ ფულს რეკლამაში თუ სხვა საქმეში. მეორე მომენტი - მიმდინარეობს რთველი და ბუნებრივია, ფული გამოდის მეტი რაოდენობით, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი აზრით, ოპოზიცია ლარის გაუფასურებას თავის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად გამოიყენებს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა ბერკეტი არ აქვს გარდა იმისა, რასაც აკეთებს. როგორც ამბობენ, ეროვნულ ბანკს ბაზარზე ყოველ ვაჭრობაზე 40 მილიონი დოლარი გამოაქვს, შესაძლოა ახლა მეტის საშუალება არ აქვს. ჩემი აზრით, მაინც და მაინც ამ ერთ თვეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ვერ მოხდებოდა.

„ამ მდგომარეობას იყენებს და გამოიყენებს კიდეც ოპოზიცია. გარდა ამისა, მოსახლეობაც როგორ შეიძლება ამ ვითარებას დადებითად შეხვდეს. ყველაფერი ეს მუშაობს სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ძაბირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" თუ რაიმე ღონისძიება არ გაატარა, შესაძლოა ამომრჩევლები დაკარგოს.

„არჩევნების შედეგებზე რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, ამის თქმა ცოტა ძნელია. თუმცა, დადებითად რომ არ იმოქმედებს, ფაქტია.

„ოპოზიციისთვის ლარის გაუფასურება და კორონავირუსზე ფაქტობრივად კონტროლის დაკარგვა მომგებიანი პიარია. ოპოზიცია გამოიყენებს ორივე მიზეზს იმისთვის, რომ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ დაანახოს რამდენად უუნაროა „ქართული ოცნება", როგორც ხელისუფლება და შეეცდება ამომრჩევლის თავის მხარეს გადაბირებას. ამომრჩეველზე ეს ორი ფაქტორი, ბუნებრივია, ძალიან ეფექტურად მუშაობს.

„ქართული ოცნება" დიდი ალბათობით ამომრჩეველს დაკარგავს, თუ რაიმე ღონისძიებას არ გაატარებს. ხელისუფლების რეიტინგი, რა თქმა უნდა, დაეცემა", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×