
თბილისში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ დედაქალაქის მაცხოვრებლები შესაბამის სამედიცინო ნორმებს არ დაიცავენ - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.
მისი თქმით დედაქალაქის მოსახლეობა დგას რეალური საფრთხის წინაშე და საყოველთაო წესების დაცვისკენ მოუწოდებს თბილისში მცხოვრებლებს, რათა არ გაიზიარონ ბათუმელი მოსახლეობის ბედი.
„თბილისში ვირუსის მასშტაბური გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიცავს მოსახლეობა თავს. თუ დაიწყება შიდა გავრცელება, ეს გამოიწვევს ვირუსის აფეთქებას.
"მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ვითარების კონტროლის მიუხედავად ჯერ ვაქცინა არ გვაქვს. შეფარული საფრთხე ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით ისეთი ინფექციის დროს, რომელსაც აქვს გავრცელების და ლეტალობის გარკვეული პროცენტი. შესაბამისად, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ცუდზე, რომ გამოგვივიდეს კარგი. ეჭვი არ მეპრება, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ხმალაძე.
ინფექციონისტის აზრით მოსახლეობამ უნდა გამოავლინოს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ზედმიწევნით დაიცვას წესები, რადგან კორონავირუსის გავცელებისთვის ერთი ადამიანის შეცდომაც საკამრისია.
„ვფიქრობ, მოსახლეობა ეჩვევა კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას და საზოგადოების ნაწილი ზერელედ უყურებს ამ საკითხს. ეს ძალიან ცუდია, რადგან შეიძლება ათი ადამიანი სწორად მოიქცეს და წესები დაიცვას, თუმცა, ორი ადამიანი სრულიად საკმარისია, რომ ვირუსი გეომეტრიული პროგრესიით გავრცელდეს.
"ექიმებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ, იმაზე, რომ მოსახლეობის შეგნებამდე დავიდეს - კორონავიურის გავრცელების რეალური საფრთხე. ჯერ ყველაფერი წინ არის, არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ - უბრალოდ ჯერჯერობით ვაკონტროლებთ ვითარებას, მაგრამ თუ მოხდება უკონტროლო გადაცემა და ვირუსით დაინფიცირებული პაციენტების მძიმე ფორმების წინ წამოწევა, მაშინ ძალიან სერიოზული და საგანგაშო ვითარების წინაშე დავგდებით. ამჯერად კი ვითარება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო", - ამბობს ექიმი „რეზონანასთან" საუბრისას.
ირაკლი ხმალაძის აზრით, ვაქცინა, Covid-19-თან საბრძოლველად, მინიმუმ ერთ წელში ამოქმედდება, თუმცა იქამდე დიდი გზაა გასავლელი, რადგან ვაქცინის დატესტვას დრო სჭირდება.
„ვაქცინის მოლოდინი არის, ბევრი ქვეყანა მუშაობას ამაზე. მთავარია, ვაქცინამ წარმატებით გაიაროს გზა, თუ ვაქცინა მოკლავს ადამიანს, მაშინ რა აზრი აქვს, შესაბამისად მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს და რაც მთავარია, წარმოქმნას ის ანტისხეულები, რომელიც სპეციფიურად იმუშავებს კორონავირუსის წინააღმდეგ.
"ჩვენი ვარაუდით მინიმუმ ერთი წელი უნდა ველოდოთ ვაქცინის შექმნას, ეს გახლავთ სტანდარტული დრო. ამის შემდეგ უნდა მოხდეს დატესტვა, მოხალისეებზე გამოცდა, ამას ყველაფერს დრო სჭირდება, ამიტომ ერთი წელი არის მინიმალური დრო, რომელიც უნდა დასჭირდეს", - ამბობს ხმალაძე.