თამთა ჩაჩანიძე
25.09.2020

ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობებმა - „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალე", საზოგადოებას განსაკუთრებით „გავრილოვის ღამის" მოვლენებით და შემდეგ განვითარებული პროტესტით დაამახსოვრა, თუმცა მათი აქტივობები დღეს ისეთი თვალშისაცემი აღარაა. რატომ გადაწყვიტეს მუხტის შენელება და რა გავლენას ახდენს არჩევნები და პანდემია მათ სამოქალაქო ატივობებზე?

რაც შეეხება მოძრაობების ვირტუალრ აქტივობას, უნდა აღინიშნოს, რომ მათი ფეისბუქ გვერდები აქტიურობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „რეზონანსთან" საუბარში მათი მოძრაობის აქტივობის შენელებას არჩევნებისა და პანდემიას უკავშირებს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ „სირცხვილია"არჩევნებში წასვლისკენ მოწოდების კამპანიაზე აქტიურად მუშაობს.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე მათგანი (ახალგაზრდული მოძრაობები „გაბედე", „შეცვალე" „სირცხვილია"), გამქრალია, აქტივობები არის, უბრალოდ მთელი ამ რეგულაციების და შეზღუდვების ფონზე, იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რაც ახლა ქვეყანაში გვაქვს, უბრალოდ პოლიტიკოსები საქმეში არიან ჩართულები, არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ბუნებრივია მთავარი მოთამაშეები ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხდებიან, რომლებიც ერთმანეთში ბრძოლის ველს ინაწილებენ.

„მე როგორც „სირცხვილიას" წარმომადგენელი გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ არჩევნებში წასვლისკენ მოწოდების სრულფასოვანი კამპანია გვქონდეს. ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა ფოკუსჯგუფებს, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა წარმოდგენების მქონე ადამიანებს, ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს, არჩევნებში წასვლისკენ მოვუწოდოთ.

„ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაცხადებული, რომ პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით, თითქმის მივიღეთ და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს. როგორც ხალხს შევპირდით, ჩვენ წლევანდელი არჩევნებისთვის პოლიტიკური აჯენდა არ გვქონია, მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან გვქონდა.

„წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მაღალი დონისა და დემოკრატიული ხარისხის არჩევნები ჩატარდეს. მთელი მსოფლიოსგან ამისი მოლოდინი სამწუხაროდ დაბალია, იმიტომ, რომ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენს ქვეყანას კარგი არჩევნების ჩატარებაში მაქსიმალურად მივეხმაროთ. რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, ამას უკვე ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს თავისი არჩევანის მიხედვით.

„თუ არჩევნები გაყალბდა, აქცენტები უკვე ჩვენს გააქტიურებაზე აღარ იქნება, საპროტესტო ტალღა იქნება თვითონ ისეთი მაღალი, რომ არავინ არავის აღარ დაელოდება, არავინ დაელოდება „სირცხვილიას", „შეცვალეს", ან „გაბედეს" მიერ ორგანიზებულ აქციებს, ტალღა იქნება ძალიან დიდი.

„ჩვენ არცერთ უსამართლობაზე თვალი არასოდეს არ მოგვიხუჭავს და არც ახლა ვაპირებთ ასეთ მნიშვნელოვან დროს, როცა ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არცერთი გადაცდომა, არათუ ამ ხელისუფლებას, არამედ არცერთ სხვა ხელისუფლებას აღარ ვაპატიოთ.

„31 ოქტომბერს დამკვირვებელი ვერ ვიქნები ისევე, ჩვენ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს შევასრულებთ, არჩევნებზე მივალთ და ძალიან ფხიზლად ვიქნებით, რომ ყველა იმ შესაძლო დარღვევებს, რომელსაც გავიგებთ და დადასტურდება, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს საზოგადოების ფართო ფენებამდე, დიპლომატიურ კორპუსამდე, მედიამდე, მივიტანოთ. რომ არცერთი მსგავსი ფაქტი, რომელიც ჩვენს ხელში ჩავარდება ყურადრების მიღმა არ დარჩეს, სხვა ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს" - განაცხადა მაქარაშვილმა.

მოძრაობა „გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი მამუკა ჯუღელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აქტივობები ამჯერად იმიტომ შეწყვიტეს, რომ მოძრაობა ინტერპარტიულ გუნდს წარმოადგენდა, შესაბამისად წინასაარჩევნოდ მათი ლიდერები თავიანთ პარტიების კამპანიებში არიან ჩართულები, თუმცა, ასევე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გააქტიურებისთვის მზად არიან.

„გაბედე" სოციალურ ქსელში ჩვეულებრივად აქტიურობას ჩვეულებრივად აგრძელებს, სააქციო ტიპის აქტივობები იმიტომაა შეწყვეტილი, რომ ჩვენი მოძრაობა რასაც ითხოვდა, ეს პროპორციული არჩევნები იყო, რადგან თითქმის პროპორციული მიღწეულადაა მიჩნეული, ვინაიდან „გაბედე" ინტერპარტიული პლატფორმა იყო, ახლა ეს ახალგაზრდული ჯგუფები უშუალოდ ყველა თავცის პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობს.

„როგორც ვიცით, აქ გაერთიანებულია „ლეიბორისტული პარტია", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელის" ახალგაზრდული ორგანიზაცია და ა.შ. შესაბამისად ეს ახალგაზრდები უფრო მეტად საკუთარ პარტიების საარჩევნო პროცესში არიან ჩართულები.

"თუ დღის წესრიგში რაიმე ისეთი საკითხი დადგება, რაც საფრთხეს პროპორციულ და საარჩევნო საკითხებს შეუქმნის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოძრაობა ძველი ფორმატით მზადაა, რომ თუკი ამის საჭიროება დადგება, ნებისმიერი ასეთი საკითხი აქციების ფორმატშიც გადაზარდოს.

„ვინაიდან დღეს „გაბედეს" ახალგაზრდები თავიანთ პოლიტიკურ პარტიებში მუშაობენ, ძირითადი მესიჯებიც უფრო მეტად პარტიულად იქნება, ასევე თავად „გაბედეს" მხრიდანაც, როგორც დამოუკიდებელმა მოძრაობამ არჩევნებამდე და 31 ოქტომბერს საზოგადოების ინფორმირებულობა მაქსიმალურად მოახდინოს და მოუწოდოს რომ არჩევნებზე მივიდნენ.

„გარდა ამისა, როგორც ვიცით, „გაბედეს" რამდენიმე წარმომადგენელი თავადაც კენჭს იყრის, მაგალითად ბექა ნათელაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატია მცხეთა-მთიანეთში, ასევე სხვებიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გახდეს ცნობილი.

„ვინაიდან ინტერპარტიული მოძრაობა ვართ, ახლა ძირითადად პარტიულ საქმიანობებზე ვართ გადართული, თუმცა, მზადყოფნაში ვართ იმისთვისაც, რომ თუ საჭირო გახდება, ძველი ფორმატით რაიმე საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. ჯერჯერობით საარჩევნო პერიოდი სტანდარტული ფორმატით მიმდინარეობს, თუ რამე შეიცვლება, ისევ ისე გავაქტიურდებით, როგორც მანამდე." - განაცხადა ჯუღელმა.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან"საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოძრაობები იმიტომ აღარ აქტიურობენ, რომ „შერცხვათ", რადგან როგორც იგი ამბობს, მათ ვერ მოახერხეს ის, რასაც მათი „დამკვეთები" ითხოვდნენ.

„ეტყობა შერცხვათ, შერცხვათ, რომ იმ ხარისხის მობილიზაციას ვერ ახერხებდნენ, რასაც მათგან მათი დამკვეთები ითხოვდნენ. ეს მოძრაობები შემთხვევითი არ იყო, ხავერდოვანი რევოლუციების სცენარებში ასეთი მოძრაობები არის, 2003 წელს ასეთი „კმარა" იყო, რევოლუციის მოხდენა თუი გინდა, ასეთი მოძრაობების მოქმედება ერთ-ერთი ბერკეტია.

„რადგან ეს ბერკეტები გაქრნენ, ესე იგი „ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციური სცენარი აღარ აქვს. მათ ჰქონდათ ეს სცენარი და როგორც კი საარჩევნო რეჟიმზე გადალაგდნენ, ეს მოძრაობებიც გაქრნენ. ეს კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ ისინი რევოლუციას აპირებდნენ და უბრალოდ გადაიფიქრეს, რადგან ამ განზრახვას ხალხი არ აყვა.

„სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან რევოლუციიის იდეა არც გაგვიგია და „ნაციონალური მოძრაობის ლიდერისგან და მისი სხვა წევრებისგანაც გაგვიგია, რომ აქ არავითარი არჩევნებით არაფერი შეიცვლება და ა.შ. რაც არცერთ სხვა პარტიას არ უთქვამს და აბა რა უნდა ვიფიქროთ?"- განაცხადა საყვარელიძემ.

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არჩევნების პროცესში სამოქალაქო აქტივიზმი ფრთხილი უნდა იყოს, რადგან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაიგივება არ მოხდეს.

„სამოქალაქო აქტივიზმი, ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებთანაა დაკავშირებული, თემატურ აქტივობებთან და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გააქტიურებასთან.

"ამიტომაც, შედარებით სტაბილურ და მშვიდი დროს სამოქალაქო აქტივიზმი ნაკლებადაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ შესაძლოა გარკვეული თემების ინიცირება თავად მოახდინონ და ამ ფარგლებში რაღაცა აქტივობა წარმოადგინონ. ახლა რომ ნაკლებადაა ეს ყველაფერი, სრულიად გასაგებია.

„კორონავირუსმა, გასაგებია, რომ ხელი შეუშალა, თუმცა, ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ მათი აქტივობები ნაკლებად იყო, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი პროტესტის დონეც დაბალი იყო. გარდა ამისა, ჩვეულებრივ მშვიდ რეჟიმში მათი აქტივობები შესაძლოა რაღაცა წერტილოვანი ფორმით იყოს ხოლმე, რომელიც პანდემიის გამო ძირითადად შეფერხებულია.

„ამის გარდა, საარჩევნო კამპანიის პროცესში სამოქალაქო ატივიზმი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რომ აფილირება არ მოხდეს, შესაბამისად ახლა საზოგადოების ყურადღება უფრო პოლიტიკოსებისკენაა გადატანილი, მათ რაიმე ღონისძიებას რომ მიმართონ, შესაძლოა ამ პროცესის პოლიტიკური აფილირება მოხდეს და ეს რომ სურდეთ მათ პარტიებში შესვლას არავინ არ უშლით.

„სამოქალაქო სივრცეს თვისობრივად სხვა საბაბი სჭირდება, ჩვენთან ცოტა ძნელია გაარკვიო თუ სამოქალაქო საზოგადოება მძაფრად რაზე რეაგირებს, იმიტომ, რომ ესაც ცვლადია ხოლმე, იმპულსი როგორც კი გაჩნდება, შესაძლოა უცბად აღმოცენდეს.

"მაგალითად, ახლა პანდემიის გამო რომ უცბად ხელისუფლებისგან სრული წნეხი წამოვიდეს და კვლავ კარანტინში აღმოვჩნდეთ., შესაძლოა ჩვენდა გასაკვირად ამას უცბად უკურეაცია მოჰყვეს და საზოგადოებრივ ჯგუფებმა აქტივისტური კამპანია წამოიწყონ და სერიოზული საპროტრესტო ტალღა დაიძრას. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს და ამიტომაც ფრთხილობს."-განაცხადა გამზარდიამ.

ერთსა და იმავე თემაზე საზოგადოებას რეაგირება ნაკლებად აქვს, ბასიანის,სარალიძის, გავრილოვის თემამ ჩაიარა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ფაქტორები არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×