ქრისტინე კაპანაძე
25.09.2020

ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების დრო აღარ აქვთ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ბევრ დროს ხარჯავენ ერთმანეთთან ოპონირებაში, ეს კი, ნამდვილად არ არის, ჯანსაღი კონკურენცია წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში.

„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები, უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ ერთმანეთთან გარჩევებში, ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი იყვნენ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე, - ასეთი მიდგომა საარჩევნო კამპანიის პირობებში მიუღებელია, რადგან ამომრჩეველს არ აინტერესებს, ვინ უფრო ლამაზი და ჭკვიანია, არამედ ხალხს აინტერესებს როგორ გადაწყდება მათი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრობლემები," - ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, ოპოზიციისათვის მთავარი, მოქმედი ხელისუფლების დაპირებებზე, უკეთესი ალტერნატივის შეთავაზებაა ამომრჩევლისთვის.

„ოპოზიცია, თუ ვერ შესთავაზებს თავის ამომრჩეველს რეალურ დაპირებებს და ალტერნატივას ქვეყანაში მიმდინარე მთელი რიგი პრობლემების მოგვარებისთვის, მათი გამარჯვების შანსები შემცირებდა", - ამბობს ექსპერტი „რეზონანასთან" საუბრისას.

მისი აზრით დღეს ოპოზიციას მოლაპარაკებების დრო აღარ აქვს.

„ოპოზიციას აღარ აქვს არანაირი მოლაპარაკებების დრო. მათ უნდა წარმართონ საარჩევნო კამპანია და თუ საქმე მიდგება კოალიციური ხელისუფლების შექმნაზე, ამის შემდეგ უნდა ისაუბრონ, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების გადაჭრის გზებზე. დღეს მათი მთავარი ამოცანა ამომრჩევლის გულის მოგებაა", - ამბობს გია ხუხაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის", სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, დღეს, რეგიონებში ოპოზიციური პარტიების ერთიანი სიის წარდგენაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", არ ემიჯნება არცერთ ოპოზიციურ ძალას.

„თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს გაემიჯნა - არის ტყუილი. სააკაშვილი იყო, ვინც ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე ისაუბრა. სწორედ ჩვენგან იყო შეთავაზება საერთო სიასა და საერთო მაჟორიტარებზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ის ასევე ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს", მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლითაც უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ზაალ უდუმაშვილს, სამარცხვინო უწოდა. ხაბეიშვილმა უგულავას სიმშვიდისკენ, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს, დასაპირისპირებლად სწორი მისამართების შერჩევისაკენ მოუწოდა.

„მე ვფიქრობ, რომ უკვე შარზე არიან, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო და მოვუწოდებ: მეგობრებო, დამშვიდდით! ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მტერი ყავს საქართველოს, ამიტომ მისამართები ნუ გერევათ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის, ოპოზიციათან, მიმართვის პარალელურად, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციურ პარტიებს შორის, საერთო ენის გამონახვაზე ისაუბრა.

„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ კინკლაობას და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთი კი არ უნდა ჩავძიროთ, არამედ ერთმანეთთან საერთო ენა უნდა მოვნახოთ", - ამბობს ვაშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×