თამთა ჩაჩანიძე
26.09.2020

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულ „გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება თავისი კანდიდატი დაუპირისპიროს, - ამის შესახებ „რეზონანსთან საუბრისას ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

დაპირისპირება „გირჩსა" და „ნაცმოძრაობას" შორის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას მოჰყვა, რომ მას არჩევნებში გამარჯვებისთვის „ნაცმოძრაობის" მომხრეთა ხმები არ დასჭირდება. ამის საპასუხოდ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ამ ოლქში „ნაცომძრაობამ" „პოლის ჯოხიც" რომ დააყენოს, ხმებს ისიც აირებს და რომ პირადად მას ამის შემდეგ გაუჭირდება სთხოვოს „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებს, რომ მათ ხმა ჯაფარიძეს მისცენ.

ეს სიტყვები ჯაფარიძემ იმის მინიშნებად აღიქვა, რომ „ნაცმოძრაობა" საერთოპოზიციური შეთანხმების დარღვევასა და დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს. „ნაცმოძრაობის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ ასეთი განზრახვის არსებობა კატეგორიულად უარყო, თუმცა ნიკა ჩიტაძე მოვლენების ამ სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე იყო ისნის ოლქში.

„ჩემი აზრით არაა გამორიცხული, რომ ჯაფარიძეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდუბე-ჩუღურეთში კონკურენტი დაუყენოს, რადგანაც ისნის რაიონში იგივე მოხდა, როდესაც ვაშაძეს კონკურენტად დეკანოიძე დაუყენეს. მანამდე „ნაცმოძრაობას" თბილისში პრეტენზია მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქზე ჰქონდა.

„ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს „ნაცმოძრაობის" მომხრეთა მხარდაჭერა სჭირდება. ეს პარტია შესაძლოა ითქვას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა და გამომდინარე აქედან, საჭიროებას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთში რეგისტრირებულ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ხმები ჯაფარიძისთვის მიეცათ", - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ეს ახალი კონფლიქტი „გირჩსა" და „ნაცმოძრაობას" შორის პრაქტიკულად არაფრისგან გაჩნდა და იქმნება შტაბეჭდილება, რომ იგი ხელოვნურადაა პროვოცირებული. ჩიტაძემ ამ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ კომენტირებისგან თავს შეიკავებს, თუმცა მიაჩნია, რომ „ნაცმოძრაობა" კონფლიქტებს თვითონ არ ქმნის და შესაძლოა პარტიებს შორის უთანხმოების კონკრეტული რეალური მიზეზები არსებობს.

„არა მგონია, რომ „ნაცმოძრაობა" თვითონ ქმნიდეს კონფლიქტებს. საინტერესოა, რომ გავარკვიოთ მიზეზი, მაგალითად, თუ რატომ დატოვა კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელმა", რა მოხდა, როგორ მოხდა, კულუარებში რა ტიპის მოლაპარაკება მიმდინარეობდა და კონფლიქტი რამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების მხრიდან ყურადღებას იმსახურებს.

„სამწუხაროა ისიც, რომ „ნაცმოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის უთანხმოება მოხდა. მოხდა ისე, რომ მათ თბილისის ფარგლებს გარეთ კანიდატურები ცალკ-ცალკე წამოაყენეს.

„ბევრი კითხვები არსებობს და სამწუხაროა რაც ხდება. როდესაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზეა საუბარი, ერთიანობაა საჭიროა. რიგ შემთხვევებში ისეთ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, სადაც ვერ ვიტყვით ვინაა დამნაშავე.

„თავს შევიკავებ იმის შეფასებისგან, „გირჩსა" და „ნაციონალებს" შორის კონფლიქტი ხელოვნურადაა შექმნილი თუ არა, მაგრამ თუ „ნაცმოძრაობა" სიტუაციას ძაბავს, მაშინ რატომაა, რომ ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" ხმები არ სჭირდება? მას რა თქმა უნდა სჭირდება.

„კითხვები ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ განცხადება, რომ ივანიშვილს 31 ოქტომბერს წასვლა მოუწევს, ეს არ კმარა, საჭიროა შესაბამისი სტრატეგიისა და ტაქტიკის არსებობა", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×