
ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.
„2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში. ვიყავი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი. მაშინაც ბევრ სიბინძურეს ვისმენდით, როცა არჩევნები მოახლოვდებოდა. ბოლო სამი წელია ვარ დედაქალაქის მერი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ვერცერთი ჟურნალისტი, ვერცერთი ტელევიზია, ვერცერთი ოპონენტი ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ კახა კალაძე ვინმეს ბიზნესში ჩაუჯდა, ბიზნესი წაართვა ან ბიუჯეტიდან რამე მოიპარა ან რაიმე კორუფციულ გარიგებაში შევიდა. ამით ვარ უბედნიერესი ადამიანი, ყოველთვის თავაწეული დავდივარ და მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ გამიფუჭებია, არ წამირთმევია არ მომიპარავს. რაც მაქვს შექმნილია ჩემი შრომით, ჩემი სპორტული ცხოვრებით, რითაც ვამაყობ“, - განაცხადა კალაძემ.
25 სექტემბერს მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში უპასუხა.
„ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა“, - განაცხადა კალაძემ.