თამთა ჩაჩანიძე
27.09.2020

„ამის ადამიანებმა შესაძლოა უკმაყოფილება „სამზარეულოში" გამოთქვან, მაგრამ როდესაც საარჩევნო ყუთთან მივლენ და არჩევანის გაკეთება „ოცნებასა" და ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას", ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის მოუწევს, მაინც „ოცნებას" აირჩევენ და საარჩევნო რეიტინგი „სამზარეულოს რეიტინგზე" მაღალი იქნება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ამ ფონზე მმართველი გუნდის რეიტინგს.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 3.33 -ია, ეკონომიკის ექსპერტები კი ამ პირობებში პირველადი მომარების პროდუქტების გაძვირებას არ გამორიცხავენ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, ლარის გაუფასურებისა და კორონავირუსის შემოტევის პირობებში შესაძლოა „ქართული ოცნების" რეიტინგი მხოლოდ „სამზარეულოში" შეიცვალოს, თუმცა საბოლოოდ ეს არჩევნების შედეგებზე არ აისახება.

„ქართული ოცნება" ორმხრივ წამგებიან პოზიციაშია - ერთი ლარის კურსი და მეორე კორონა. არც ერთი და არც მეორე მიმართულებით წარმატება არ ჩანს. პრაქტიკულად ეს აყენებს საკითხს, რომ თუ წარუმატებელია, რეიტინგი უნდა დაკარგოს. მაგრამ არსებობს არჩევნების პირობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. კერძოდ ის, რომ არჩევნებში ვიღაც უნდა აირჩიონ, სახელმწიფოს მართვის გარეშე ვერ დავტოვებთ. ვიღაც რომ აირჩიონ, უნდა აირჩიონ იმ მოცემულობიდან, რაც არის.

„ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ" შინაგანი, ასე ვთქვათ, სამზარეულოს რეიტინგი შეიძლება დაკარგოს. ანუ, ადამიანებმა შესაძლოა უკმაყოფილება სამზარეულოში გამოთქვან, მაგრამ როდესაც საარჩევნო ყუთთან მივლენ და არჩევანის გაკეთება „ოცნებასა" და ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას", ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის მოუწევთ, მაინც „ქართულ ოცნებას" აირჩევენ და „ოცნების" საარჩევნო რეიტინგი „სამზარეულოს რეიტინგზე" მაღალი იქნება.

„ძნელი სათქმელია, თუ „სამზარეულოს რეიტინგი" რამდენი პროცენტით შეიძლება შეიცვალოს. ყველა გამოკვლევაში გადაუწყვეტელი ჯგუფი რომ ფიგურირებს, ეს ცვლილებები იმ ზონაში მოხდება, თორემ ბეჯითი „ოცნებისტი" მაინც „ოცნებისტად" დარჩება, ისევე როგორც ბეჯითი „ნაციონალი" დარჩება „ნაციონალად". ეს უკიდურესი პოლუსები უცვლელი იქნება და შუაში მყოფები კი გადალაგდებ-გადმოლაგდებიან. თუმცა ეს გადალაგებაც საკმაოდ მოკლევადიანია, შეიძლება ერთ დღეს ისე მოხდეს და მეორე დღეს - სხვანაირად", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×