რეზონანსი
27.09.2020

27 წელი გავიდა რაც ერთად აღარ ვართ, მაგრამ ძველ თაობას ახსოვს... ახსოვს სოხუმის ისტორია, სოხუმური ამბები... სოხუმელთა ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, უსოხუმოდ მიდის... მაგრამ „მოდიან უსოხუმოდ მოსული სოხუმელები.“

„შენ იმ კუთხის შვილი ხარ,სადაც მიწა ქრისტეს გულივით თბილია, სადაც წყალს დედის ცრემლის გემო აქვს, სადაც ჰაერი შენი წინაპრის ამონასუნთქია...

შენ იმ მიწისა ხარ, რომელსაც ძლიერი ყივილი სცოდნია. გეძახის, გიხმობს გამუდმებით მომეფერეო, მომიარეო... იმ მიწას და ჰაერს აფხაზეთი ჰქვია.

შენ იქ არასოდეს ყოფილხარ.... ვერ იქნებოდი... მე კი არ დავუშვებ რომ არ გიყვარდეს, რომ არ გესიზმრებოდეს.

იმისათვის, რომ წარმოსახვით მაინც მოგატარო ჩვენი მხარე, ეზო და სახლი, მოგიყვები სილამაზეს, მოგიყვები ზღვის სიცისფრეს, მთების სილურჯეს, დილის სითბოს, მოგიყვები საღამოს ჩამავალი მზის სიდიადეს.... ყველაფერს მოგიყვები, ყველაფერს დაგანახებ...

ერთხელ, ძალიან პატარამ მკითხე, დედა სოხუმი რა არისო, შენ ვერ შენიშნავდი, როგორ უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.

რატომღაც მანამდე მეგონა, სოხუმი თავისთავად გეცოდინებოდა და გეყვარებდა. მაშინ გიპასუხე, სოხუმი მწვანეში ჩაფლული თეთრი ქალაქია-მეთქი.

დღეს მინდა დავამატო და კარგად მომისმინე:

სოხუმი ოცნებისა და სიყვარულის ქალაქია, სოხუმი მეგობრობისა და ნათესაობის ქალაქია, სოხუმი პატარა და უდიდესი ქალაქია, სოხუმი მწვანეში ჩაფლილი თეთრი ქალაქია. სოხუმში განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ ოდითგან, ვინაიდან სოხუმელებს დიდი სიყვარული და თანადგომა შეუძლიათ. სოხუმელია დედაშინი, შენი ბაბუა, ბებია და უმეტესობა იმ ხალხისა, ვისაც შენ იცნობ. სოხუმელთა ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, უსოხუმოდ მიდის... მაგრამ მოდიხართ თქვენ-უსოხუმოდ მოსული სოხუმელები.

მახსოვს, ამ ზაფხულს ქობულეთში ვიღაცამ გკითხა საიდან ხარო, შენ ჯერ მე შემომხედე და შემდეგ უცნობს მიუგე, სოხუმელი ვარო.

მე მჯერა, რომ ეს პასუხი მარტო ჩემი გულის მოსაგებად არ იყო ნათქვამი, შენ სოხუმელი უნდა იყო ყოველთვის, სადაც არ უნდა იცხოვრო, სადაც არ უნდა მიგიყვანოს ბედისწერამ. გულისგულში ერთი პატარა ძარღვი უნდა ძგერდეს მუდმივად, რომლის ყოველი დარტყმა, ყოველი ბიძგი შეგახსენებს, რომ შენ უკეთესად უნდა ისწავლო, სხვაზე მეტი სიყვარული უნდა შეძლო, სხვაზე მეტი უნდა გასცე. ეს ძალიან ადვილია, როცა ღრმად გრძნობ გულის წიკწიკს აყოლილ ძახილს: სო-ხუ-მი! სო-ხუ-მი!

სოხუმის დილა ადრე მტრედისფერი იყო, ახლა ალბათ წითელ ბურუსშია ქალაქი. იქ დახოცილ საუკეთესო ქართველთა სისხლითაა გაჯერებული ალიონი. გახსოვდეს და გიყვარდეს ქართველობისა და სიყვარულისთვის მოკლული თითოეული სული!

ჩემს ახლობელს შვილის საფლავზე აღებული ერთი მუჭა მიწა აქვს წამოღებული, თავსაფარში გამოხვეული ხატივით უსვენია ერთადერთი ოთახის ნათელ კუთხეში - ამ მიწას რომ ვუყურებ, ასე მგონია მეც წამოვიღე რაღაც...

ჰო, წამოვიღე-ჩემი წილი ცა, ჩემი წილი ზღვა, ჩემი წილი ჰაერი... და გამუდმებით თან დამაქვს.... იქ კი ჩემი სახლი და ბავშვობა დამრჩა...“- სოხუმელი დედის წერილი შვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×