
„გიორგი გახარიას განცხადების ძირითადი ნაწილი ივანიშვილის ქება და პიარია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფრასტრუქტურული მოწყობა და არა რომელიმემეცენატის" - განაცხადა ექპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადების კომენტირებისას, რომ „საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში".
ძაბირაძის თქმით, ვერც სახელმწიფო და ვერც მოსახლეობა ვერ დაელოდება იმას, რომ გამოჩნდება ახალი ივანიშვილი ან ივანიშვილები, რომელებიც დააფინანსებენ რეგიონების ინფრასტრუქტურის მოწყობას.
„გახარიამ უნდა დააზუსტოს მხედველობაში რა აქვს. არ ვიცი რა ინრასტრუქტურაა საჩხერეში და რა დონეზეა განვითარებული. თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ სახელმწიფომ სხვა რეგიონებიც უნდა დააფინანსოს და რომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული ნაწილი საჩხერის დონემდე მიიყვანონ, მაშინ ეს სხვა ვარიანტია.
„თუ იგულისხმება, რომ ივანიშვილმა ან სხვა ივანიშვილებმა რეგიონები უნდა დააფინანსონ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. საქართველოში ასეთი ადამიანების მოძებნა შეუძლებელი იქნება. სახელმწიფო და რეგიონები ვერ დაელოდებიან იმას, რომ გამოჩნდება რომელიმე მეცენატი, რომელიც თავის თავზე აიღებს რეგიონის ინფრასტრუქტურულ მოწყობას.
„ინფრასტრუქტურული მოწყობა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო თუ როგორი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, ეს კი უნდა განისაზღვროს რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე", - განაცხადა ძაბირაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ საჩხერე, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, დღეს მართლაც მაღალ დონეზეა განვითარებული.
„მოდელად შეიძლება ნებისმიერი ვარიანტი აიღო, საჩხერე იქნება თუ დასავლეთის რომელიმე რეგიონი. როდესაც საჩხერის განვითარებაზე ლაპარაკობ, უფრო დიდი წილი, რა თქმა უნდა, ირიბად არის ივანიშვლის ქება.
„სწორედ ამიტომაც მოდელად საჩხერე იქნა მოყვანილი. ძირითადი ივანიშვილის პიარია და არა ის, თუ რა დონეზეა საჩხერეში ინფრასტრუქტურა განვითარებული. თუმცა, არ გამოვრიცხავ საჩხერის რეგიონი მაღალ დონეზე იყოს განვითარებული და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა „რეზონანსთან" ძაბირაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოშიარჩევნებამდე ორი ძირითდი პრობლემაა: კორონავირუსის ვერშეკავება და ლარის გაუფასურება.
„საჩხერე რომ ახსენეს ქვეყნის განვითარების მოდელად და არჩევნებამდე ეს შესაძლოა მხოლოდ ჩვენ გვახსოვდეს. საჩხერეზე მეტად მნიშვნელოვანია რა ეშველება ლარსა და კორონავირუსს, რომელიც ჯერ-ჯერობით ამ ხელისუფლებამ სერიოზულა გაკონტროლება და შეჩერება ვერ მოახერხა. ეს ორი ფაქტორი თუ იმუშავებს „ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ. საჩხერე ახლა რა კონტექსტშიც არ უნდა ეხსენებინა გახარიას, არჩევნებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა ძაბირაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ საჩხერე არის მოდელი იმისა, თუ როგორი საქართველო გვინდა.
მისივე თქმით, საჩხერის განვითარებაში პირდაპირი წვლილი ივანიშვილს მიუძღვის.
„დღეს ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან - საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ - ჯანდაცვა, განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები - ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა ფონდმა „ქართუმ" და ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს.
„ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერეს გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი - თითოეულმა ქართველს როგორც შეუძლია როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა გახარიამ.