რეზონანსი
27.09.2020

აფხაზურ სკოლებში ბავშვებს საქართველოსა და ქართველებზე მხოლოდ იმას ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკი არიან ქართველები. შედეგად, აფხაზეთში მოვიდა თაობა, რომელმაც ქართველებზე ან საერთოდ არაფერი იცის, ან - მხოლოდ ცუდი, - ამის შესახებ „რეზონანსთან საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმაპაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 27 წელი შესრულდა. 

„რეზონანსი“: აფხაზეთის ომიდან ზუსტად 27 წელი შესრულდა. როგორ ფიქრობთ,  რა შეიცვალა განსაკუთრებულად ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე აფხაზეთში?

პაატა ზაქარეიშვილი: 27 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. დავიწყოთ იქიდან, რომ აფხაზები გაუცხოვდნენ საქართველოს და ქართველების მიმართ. მათ შორის უკვე იმდენად დიდი ბზარია, რომ სალაპარაკო ენას ვეღარ პოულობენ. ქართველები აფხაზებს ადამიანებად არ აღიქვამენ, მათი ინტერესებისა და სურვილების არ ესმით. თავის მხრივ, აფხაზები გაურკვევლობაში არიან, მათ არი იციან რა სურთ ქართველებს, მათი ჩამოუყალიბებლობა აფრთხობთ, ამიტომ ურჩევნიათ ძლიერ რუსეთს მიეკედლონ.

აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოსცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან.

„რ“: 27 წელი საკმაოდ დიდი დროა, ახალი თაობა მოვიდა, აფხაზეთში ახალი შეხედულებებითა და განწყობებით. როგორია უშუალოდ ახალი თაობის  დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ?

პ.ზ.: ახალმა თაობის წარმომადგენლებმა ან არ იციან ქართველებზე არც ცუდი და არც კარგი, ან თუ იციან - მხოლოდ ცუდი, რადგან მათ ამას სკოლაში ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკები არიან ქართველები. მათ არ უგემიათ ომი და ტყვიები, მაგრამ ისინი ნეგატიურად არიან განწყობილი.

აფხაზეთში ძველი თაობის წარმომადგენლებს ქართველებზე ავი და კარგი ორივე მაინც ახსოვთ. ჩვენ, ქართველებს, ბევრ ლეგენდებს გვიყვებოდნენ მტრების სისასტიკეზე და მათ მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულებებზე. სწორედ ასეთ კონტექსტში უყვებიან აფხაზ ახალგაზრდებსაც საქართველოზე და ქართველებზე.

„რ“: როგორ ფიქრობთ, გარდა იმისა, რასაც აფხაზი ახალგაზრდები ქართველებზე ისმენენ, კიდევ რა არის მიზეზი  იმისა, რომ მათ საქართველოსკენ გული არ მიუწევთ?

პ.ზ.: სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგზარდების უმეტესობა რუსეთში აგრძელებს სწავლას, მიდიან რუსეთში, იქიდან კი რუსიფიცირებულ ჩინოვნიკებად ბრუნდებიან. 

საქართველოსადმი დაბალ ინტერესს მათ სკოლის ასაკშივე უნერგავენ, იმით, რომ ქართულ ენას თითქმის არ ასწავლიან, როგორც ვიცი, კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა ქართულ ენის შესწავლას. 

„რ“: როგორ ფიქრობთ, რაშია გადარჩენის გზა, რითაც ქართველ-აფხაზთა ახალი თაობის წარმომადგენლები მაინც შეძლებენ ურთიერთობის აღდგენასა და მოგვარებას? 

პ.ზ.: გადარჩენის გზა მხოლოდ იმაშია, რომ აფხაზებს უნდა დავანახოთ განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის, რითი ვართ რუსეთზე უკეთესები და რატომ.

პირველ რიგში, ქართველებს აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიული ერთიანობისთვის არ უნდა სჭირდებოდეთ, აფხაზებს უნდა აღიქვამდნენ, როგორც საზოგადოებას, პიროვნებებს და უშუალოდ მათთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

მარიამ მერლანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×