
საქართველოში პანდემია თანდათან მწვავე ხასიათს იღებს, გარდაცვლილთა რაოდენობას ერთდროულიად კიდევ ოთხი დაემატა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად სამი ასეულით იმატებს - რატომ მოიმატა ფატალურმა შემთხვევებმა და სადამდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურ ასეულ შემთხვევებს?
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობამ კი 32 შეადგინა, ორშაბათს კი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საერთო მაჩვენებელი კი 5500-ს მნიშვნელოვნად გადასცდა.
"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია კოვიდ ინფიცირების 5552 შემთხვევა. გუშინდელი მონაცემებით დადასტურდა 298 ახალი შემთხვევა. წინა დღეს იყო 294, ეს მნიშვნელოვანი მატება არ გახლავთ. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 2054-ია. თითქმის 3500-მდე პაციენტიდან ამჟამად კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ეს დიდი რაოდენობა არ არის, თუმცა, ეს მონაცემები საათების მიხედვით იცვლება.
„რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია-კვლავ აჭარაშია 72 % ახალი დადასტურებული შემთხვევების, რაც გულისხმობს 175 ახალ ინფიცირებულს. შემდეგ ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, ეს არის 38 ახალი შემთხვევა, თბილისში მხოლოდ 7%-ია, 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გურიაში 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში 7 და კახეთში -4." განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.
პანდემიის დაწყებიდან უკვე შვიდი თვეა გასული, ამ დრომდე მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს, ვაქცინის ფართო გამოყენებამდე შესაძლოა ორ მილიონამდე მსხვერპლი იყოს, გამოდის, რომ მსოფლიოს ვაქცინა დაახლოებით კიდევ ამდენი თვის მაძილზე არ ექნება.
„ვიდრე ვაქცინის ფართო გამოყენება დაიწყება, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს და შესაძლოა, ამაზე მეტიც კი იყოს მის შესაკავებლად შეთანხმებული ქმედებების გარეშე", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა, რომელსაც სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ხშირად ფატალური შემთხვევები ინფიცირებული პაციენტების მატების პირდაპირპროპორციულია.
„ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და პაციენტების მომატებულ რაოდენობას თან მძიმე პაციენტების გარკვეული რაოდენობაც ახლავს და კრიტიკულიც, ამიტომ ეს სამწუხარო ფაქტია,მაგრამ, ამ რაოდენობის ფონზე გასაკვირი არაა, რაც უფრო ნაკლები ინფიცირებული გვეყოლება, ნაკლები მძიმე პაციენტები და ნაკლები ლეტალობა იქნება. ხშირ შემთხვევაში პაციენტების მატება სიკვდილიანობასთან პირდაპირპროპორციულია.
„მიუხედავად იმისა,რომ ვირუსი ცოტა შესუსტდა, ეს შესუსტებაც სტატისტიკაზე დიდად არ აისახება, ლეტალური შემთხვევები მაინც გვაქვს, ამიტომაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მისი უგულებელყოფა და ჩავთვალოთ ის, რომ თითქოს ის პრობლემას აღარ წარმოადგენს, სწორი არ იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ აჭარაში შეზღუდვები მას შემდეგ შემოიღეს,რაც დღეში დაახლოებით 150-ზე მეტ შემთხვევაზე ავიდნენ, სხვა რეგიონებში და მათ შორის თბილისში ჯერ ასეთი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება,
« ამ შემთხვევებზე კი ჩემი აზრით შეზღუდვა სწორი არ იქნება, თან დედაქალაქია, მოსახლეობა ბევრად მეტია, ამიტომ, შეზღუდვების აუცილებლობა შესაძლოა რამდემინე ასეული შემთხვევბის დროს დადგეს, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე ვერ ვხედავ.
„ინფორმაცია არ მაქვს თუ დღეისათვის რამდენი თავისუფალი ადგილია, თუმცა კლინიკებში ჯერჯერობით ადგილები არის, პლიუს ამას პაციენტების გარკვეული ნაწილი საკარანტინე სასტუმროებში მკურნალობენ, ასევე, აჭარაში პაციენტების ნაწილისთვის სახლში მკურნალობის პროტოკოლი ამუშავდა, ამიტომ, ჯერჯერობით ადგილების პრობლემა არაა,
« მაგრამ, ესეც დასახვეწია, რომ პაციენტების კლინიკიდან გაწერა დროულად მოხდეს და ამაზეც მიდის მუშაობა, რომ მძიმე პაციენტებს საავადმყოფოში მოთავსების პრობლემა არ შეიქმნას" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ვაქცინის შექმნამდე, ეპიდსიტუაცია არსებული რესურსებით, საზოგადოების თვითშეგნებით, სპეციალისტებისა და სახელმწიფოს აქტიური მოქმედებებით უნდა დასტაბილურდეს.
„რთული სათქმელია, თუ ვაქცინის დასრულებამდე რა იქნება - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ეპიდსიტუაცია რამდენად დასტაბილურდება.
« მე იმედი მაქვს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან ადეკვატური ქმედებები მოჰყვება, რეკომენდაციას დაიცავენ, ჩვენთან არის რესურსი, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დავასტაბილუროთ და ახალი შემთხვევების რაოდენობა ორ-სამ ასეულს არ გასცდეს, შესაბამისად, კლინიკებში ადგილებიც იყოს და შესაბამისი რესურსები,რომ ყველა პაციენტი მიიხედოს.
„ანუ, ვაქცინის არქონის პირობებში რა გველის, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოვიქცევით და ამას საზოგადოება რამდენად სერიოზულად მიუდგება, პლიუს კლინიკურ სექტორზე, სახელმწიფოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრზეა დამოკიდებული.
„ვთქვათ, თუ გატარდა ისეთივე მკაცრი ზომები, როგორც გაზაფხულზე, ამან შესაძლოა მოგვცეს ის შედეგი, რომ ახალი შემთხვევები შემცირდეს, მაგრამ ეს შეზღუდვები ამისი 100%-იანი გარანტია არაა, თან ეს ეკონომიკის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს, ამიტომ თუ რისკს და სარგებელს ავიღებთ, ამ ეტაპისთვის ვთვლი, რომ მკაცრი რეგულაციები არ ღირს რომ გატარდეს. „-განაცხადა გოგინავამ.