მარიკა ხორავა
29.09.2020

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სლოგანის „დარჩი სახლში" შემოღება შესაძლოა კვლავ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ინფესციონისტი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდება კარანტინის რეჟიმზე გადასვლა. ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება, მაშინ ინფიცირებულთა რაოდენობა აღარ მოიმატებს.

„არ არის გამორიცხული მოქალაქეებს სახლში დარჩენა მოუწიოთ. ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად მძიმე გახდება კლინიკური მიმდინარეობა და მოიმატებს თუ არა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც დასჭირდებათ საავადმყოფოში დაწვენა.

„საავადმყოფოებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თუ გაუჭირდება პაციენტების მიღება, მაშინ ეს სლოგანიც ამოქმედდება. ძირითადად ახლაც უნდა მუშაობდეს, ეს ასაკოვან ადამიანებსა და იმათ ეხება, ვისაც შანსი აქვთ უფრო ადვილად დაინფიცირდნენ.

„თუ წესიერად იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია სპეციალისტების მიერ, მაშინ ამაზე მეტი ინრფიცირებული არ გვეყოლება.

„თბილისში ძირითადად 30-32 პაციენტზე მეტი არ არის. აჭარაში მოხდა რაღაც ამბები და ამიტომაც გვაქვს ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. თავშეყრა და ხალხის უნიღბო თარეში თუ არ გაგრძელდა, არ მგონია ძალიან მოიმატოს შემთხვევებმა", - განაცადა ხმალაძემ.

ხმალაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო იმ ღონისძიებებს გაატარებს, რომელიც კარგად გვაქვს დაგემოვნებული ყველაფერი კარგად იქნება.

„ვირუსი გადადების დროს ძლიერდება. მუტაციას კი არ განიცდის, უფრო გამძლე ხდება. უფრო მომზადებული ხვდება ახალ ორგანიზმში შეჭრას. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ აჭარაში ასე აქტიურად დაიწყო ვირუსის გავრცელება.

„თუ დაიწყება იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც ჩვენ უკვე კარგად გვაქვს დაგემოვნებული, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა მოხდეს თავშეყრის ადგილებში ადამიანების თავმოყრა. კონტროლი უნდა იყოს ვინ როგორ იყენებს პირბადეს. ყოველდღე ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ, ხელების დაბანვიდან დაწყებული პირბადით დამთავრებული.

„ჩემს კლინიკაში სამი ბავშვი დარბოდა და არცერთს პირბადე არ ეკეთა. ვერ უკეთებენ მშობლები პირბადეს, ბავშვი იგლიჯავს. თუმცა, იმასაც არ ფიქრობენ, რომ ბავშვი თავშეყრის ადგილს მოაცილონ. თვითშეგნების ამაღლება, საკუთარი თავის მოვლა-პატრონობაა მნიშვნელოვანი და არა სახელმწიფოს თვალებში ყურება", - განაცხადა „რეზონანსთან" ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სლოგანი „დარჩი სახლში" ისევ უნდ დააბრუნონ, მაგრამ ამ ეტაპზე აჭარაში.

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი" - ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×