მარიკა ხორავა
29.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის დაწყებიდან მე-13 დღეს ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა. ინფექციონისტთა ნაწილი ამ გადაწვეტილებას კრიტიკულად აფასებს.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა საჭიროა. ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება.

„არის ესეთი გამოთქმა - საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფაროო. ეს ყველაფერი გამოწვეულია არა კარგი ცხოვრებით, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უფრო ცუდისთვის მოემზადოს. ჩვენ თუ საკმადო ძვირი ტესტისთვის ვხარჯეთ ფული, შეიძლება პრობლემა შეგვექმნას.

„მაგრამ არ დავეთანხმები გაბუნიას განცხადებას, რადგან საჭიროა ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა იმისათვის, რომ დადასტურდეს მას ვირუსი არ აქვს.

„ადამიანი რომ გაყვითლდება, როცა ჰეპატიტი აქვს, მაშინ მას აღარავინ ეკარება და ის სწორედ ამიტომ არ არის გადამდები და არა იმიტომ, რომ მის ვირუსს შეუცირდა გადადების ძალა და სიმძლავრე.

„ადამიანი როდესაც აცემინებს და ახველებს, იმას ადამიანი არ ეკარება. ჭკვიანი ადამიანი არ მივა, არ აკოცებს იმას, რომელიც ელემენტარულად ახველებს", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ყველა ადამიანი გამოიკვლიოს.

„დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუ რამდენად გაამართლებს ეს გადაწყვეტილება. არ მეგონა, რომ საქართველოში ვირუსის ასეთი დიდი ტალღა მოვიდოდა. აშკარად რაოდენობამ ძალიან იმატა და ვერ გამოვიკვლევთ ყველა ადამიანს და საავადმყოფოში ვერ მოვათავსებთ, რადგან ეს ფუფუნება აღარ არის.

„სხვასთან შედარებით ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა შესაძლებლობები გვაქვს. ამერიკელები, ფრანგები და გერმანელები ვერ უძლებენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორი რესურსი გვაქვს და მათთან შედარებით მაინც ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა ჩვენ გავქვს", - განაცხადა ხმალაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც აღარ არის ჰოსპიტალიზაციის და ადამიანის იზოლაციაში დაყოვნების საჭიროება, ის დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი შემთხვევა იყო სიმპტომების გარეშე.

„რაც შეეხება მე-8 დღეს, უახლესი მეცნიერული საფუძვლები მოგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი აღარ არის ისე გადამდები, როგორც თავიდან იყო და ძალიან მინიმალურია მის მიერ ინფექციის გადადების რისკი. აქედან გამომდინარე, სიმპტომურ პაციენტებში გამოჯანმრთელებისთვის 10 დღეა საჭირო, ანუ ტესტირებიდან 10 დღე და შემდგომ უსიმპტომო პერიოდი კიდევ სამი დღე. ანუ მინიმუმ 13 დღე სიმპტომიანი პაციენტებისთვის, რომ ვიფიქროთ ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, მათთვის ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს. ამასთან დაკავშირებით მას რჩევას ოჯახის ექიმი, ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს.

„მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული. რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე, თუ საჭიროა ტესტის ჩატარება", - განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×