
„როგორც ჩანს ,,ევროპულ საქართველოს" არ ჰყავს რეიტინგული ლიდერი, რომლის დასახელებასაც აზრი ექნება", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, რომ პარტიას წინასაარჩევნოდ არ ეყოლება პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი.
მისივე შეფასებით, „ევროპული საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ ამ გადაწყვეტილების იმით დასაბუთება, რომ „ყველაფერი ხალხმა უნდა გდაწყვიტოს", გაუგებრობას იწვევს.
„ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს დავით ბაქრაძის განცხადება პრემიერ- მინისტრის არდასახელებასთან დაკავშირებით და ის, რომ პრემიერ-მინისტრი ხალხმა უნდა აირჩიოს. როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოს" არ ჰყავს რეიტინგული ლიდერი, რომლის დასახელებასაც აზრი ექნება.
„მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ" კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რადგან მას დიდი რეიტინგი და გამარჯვების პოტენციალი აქვს. ასევე მოხდა „სტრატეგია ,აღმაშენებლის" შემთხვევაშიც - კანდიდატად გიორგი ვაშაძე დასახელდა", - განაცხადა ვახტან ძაბირაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ამომრჩეველმა იცოდნენ ვინ არის ამა თუ იმ პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება კანდიდატსა და მის გუნდს კარგად გაეცნონ:
„სასურველია ამომრჩეველებმა იცოდნენ ვინ არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი,როგორი გუნდი ჰყავს და როგორია მათი სამომავლო გეგმები".
სამშაბათს „ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაასახელა.
„ჩვენი გუნდის ამბიცია არ არის გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე. ჩვენი შეგნებული არჩევანია, ეს არჩვენები მივუძღვნათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას, ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს. ხალხმა გადაწყვიტოს და ხალხისთვის გავიმარჯვებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს" ლიდერმა.
მარიამ მერლანი