
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019"-ის მიხედვით, საქართველომ საკმაოდ პოზიტიური შეფასება მიიღო და ზოგიერთი მაჩვენებლით ისტორიულად მაღალი შედეგი დააფიქსირა. ქართველი ექსპერტები ამას დიდ წარმატებად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს, რადგან, მათი თქმით, ეს შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში, თუნდაც იმ სფეროში, სადაც კარგი შეფასებებია, პრობლემები აღარ არის.
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" ათობით კვლევითი ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს. კვლევის შედეგები კი ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.
2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევით, საქართველომ „მთავრობის ეფექტურობით" თავის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, ხოლო „კორუფციის კონტროლით" ზედიზედ მესამედ მოხვდა ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის.
გარდა ამისა, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული „რეგულირების ხარისხისა" და „კანონის უზენაესობის" გაუმჯობესების მხრივაც.
„კორუფციის კონტროლის" მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო, 41-ე ადგილზეა, ევროპაში კი - მე-19 ადგილზე. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს: ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, მალტას, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, საბერძნეთს და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მიხედვით, 100%-ნი შკალიდან საქართველომ 74% მიიღო.
„რეგულირების ხარისხი" - სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით - ამ პუნქტში საქართველო მსოფლოში 27-ე ადგილზეა, ევროპაში კი - მე-19-ზე (2012 წლის მონაცემებით, საქართველო, „რეგულირების ხარისხით" მსოფლიოში 39-ე ადგილზე იყო).
„მთავრობის ეფექტური მუშაობის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზეა, ევროპაში კი 24-ე ადგილს იკავებს. შეფასების 100%-ნი შკალიდან, საქართველომ, ახალი ისტორიული შედეგი - 76.94%-ნი მაჩვენებელი დააფიქსირა.
„კანონის უზენაესობის" მხრივ საქართველო ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 ქვეყანას უსწრებს, ეს ქვეყნებია: იტალია,საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ჩრ. მაკედონია, მონტენეგრო და სხვა.
ამავე დროს, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში „პოლიტიკური მდგომარეობა, ძალადობა ტერორიზმის" მხრივ ვითარება გაუარესდა. აღნიშნულ პუნქტში, უახლესი მონაცემებით, საქართველოს 29.05% აქვს. 2016 წელს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 33.81% აქვს დაფიქსირებული.
შედარებით გაუარესებულია საქართველოს მაჩვენებელი პუნქტში „ანგარიშვალდებულება", რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს წარუდგინონ სახელმწიფოს თავისი მოთხოვნები და უზრუნველყონ საკუთარი უფლებები, რათა მიიღონ უკეთესი შედეგები. ბოლო კვლევის შედეგებით საქართველოს ანგარიშვალდებულებებში, 53.20 % აქვს დაფიქსირებული, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 57.64%-ს შეადგენდა.
საქართველოში „კანონის უზენაესობა" მსოფლიოს წამყვანი 11 ანალიტიკური ცენტრისა და კვლევითი პროექტების, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, საფრანგეთის მთავრობის, მსოფლიო ეკონოიმიკური ფორუმის, ბრიტანული ორგანიზაციების შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე შეფასდა.
ქართველი ექსპერტები ამ შედეგებს, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებენ. რამაზ საყვარელიძის თქმით, საქართველოსთვის ასეთი შეფასება წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
„ნებისმიერი ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა ამ შეფასების ავტორები არიან მსოფლიო მასშტაბის სუბიექტები, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი. აღნიშნული კვლევის მოცემულობიდან გამომდინარე, იზრდება საქრთველოს მიმართ ნდობა მსოფლიო ასპარეზზე. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და არა მარტო გადადგმული, არამედ სამომავლო ნაბიჯების ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
ექსპერტის, დემურ გიორხელიძის თქმით კი, მთავარია, მსოფლიო ბანკის შეფასებები, ნეგატიურ განწყობას არ იწვევდეს საზოგადოებაში.
„ნებისმიერი კარგი შეფასება ქვეყნისთვის ნეგატიურ დამოკიდებულებებს არ უნდა იწვევდეს ადამიანებში, თუ ბოროტებით არ არის სავსე ადამიანი. კვლევა თავისთავად კარგია, მითუმეტეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული. საკითხავია, რამდენად არის ეს ყველაფერი რეალური - ეს ქართველებზე უკეთ არავინ იცის. ამიტომ შეიძლება ზოგიერთ საკითხზე ვიდაოთ, თუმცა მსოფლიო ბანკის კვლევა მისასალმებელი და დადებითია ქვეყნისათვის, თუმცა, მაგალითად, ინვესტორები მხოლოდ ამ პროექტს არასდროს ენდობიან და თავიანთი ანალიტიკური ჯგუფები ჰყავთ, რომლებმაც შესანიშნავად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები.
„ამ კვლევას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საქართველოში, თუნდაც იმ სფეროში, სადაც კარგი შეფასებებია, პრობლემები არ არის. ის რაც კარგია, კარგია. ცუდი მხოლოდ ის იქნება, ჩვენ ეს ყველაფერი წმინდა მონეტასავით რომ მივიღოთ და ვთქვათ, რომ აი, რა კარგია ყველაფერი, ბედნიერები და გაბრწყინებულნი ვართ. რასაკვირველია, ასე სინამდვილეში არ არის", - ამბობს დემურ გიორხელიძე.