
„აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ეს განცხადება სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლებისას მოწინააღმდეგის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავის „ეფ 16"-ის ჩამოგდების შესახებ. რუსული მედია კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქული საბრძოლო ავიაცია პირდაპირაა ჩაბმული ომში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თურქეთი ღიად ერთვება სომხეთ-აზერბაიჯანის ომში?
სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, თურქეთი ომში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუკი საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაინაცვლებს. მას „ეფ 16" ჩამოგდებაში ეჭვი ეპარება, რადგანაც ამის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება გამოქვეყნებული არ არის.
ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ სომხეთს რეალურად თურქეთთან აქვს ომი.
„ეს არ არის აზერბაიჯანი, რომელიც მთიან ყარაბაღს ებრძვის, ეს არის თურქეთი, არა მხოლოდ თვითმფრინავებით, არამედ სამხედროებით და ა.შ.", - თქვა არუთუნიანმა სტეპანაკერტში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისივე მტკიცებით, ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა თურქული სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი „ეფ 16" ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს
რუსული გამოცემა „ავია.პრო" კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ თურქულმა „ეფ 16"-ებმა სომხეთზე სარაკეტო დარტმები განახორციელეს, გამოცემის თანახმად, იერიში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელდა, თუმცა ინფორმაციაში მითითიებული არაა, თუ უშუალოდ რა ტერიტორიაზე მოხდა დარტყმა.
„ავია.პრო"-ს ვარაუდით, თურული ავიამოიერიშეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს ან ირანის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე თურქეთის ოფიციალური პოზიცია ასეთია - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.
„არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან," - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სანამ სომხეთი იერიშს უშუალოდ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიიტანს, თურქეთს არ აქვს ფორმალური საფუძველი, რომ სამხედრო კონფლიქტში ღიად ჩაერთოს.
„ეფ 16"-ები აზერბაიჯანშია განლაგებული, თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებისთვისაა. რამდენადაც მე ვიცი, ბაქოში ასევე თურქული სამხედრო ბაზაა. „ეფ-16" მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია. ეს თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში ნამდვილად არ ფიგურირებს.
„ამ ეტაპზე არ მგონია, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერიოს. თუმცა, შესაძლოა აზერბაიჯანში თურქი სამხედრო ინსტრუქტორები არიან და სირიიდან ჩასული დაქირავებული პროთურქული დაჯგუფების წევრები. „გარდიანმა" და „როიტერმაც" ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პროთურქული დაჯგუფებების წარმოამდგენლები არიან ჩართულები. ისინი წერენ, რომ მათი მთავარი ამოცანა სტრატეგიული ობიექტებისა და ნავთობსადენების დაცვაა.
„პლიუს კიდევ თურქული წარმოების დრონები საკმაოდ ინტენსიურად მუშაობენ. ესეც, ბუნებრივია, თურქეთმა გადასცა აზერბაიჯანს. ეს კი ბატონო, მაგრამ „ეფ 16"-ების გამოყენებაში ეჭვი მეპარება.
„თურქეთმა აზერბაიჯანს მხარი პირდაპირ დაუჭირა. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთი ერის ორი ქვეყანაა. თურქეთი ყველა ვარიანტში დაეხმარება და ყველა საშუალებებით მის მხარეზეა. ფაქტიურად, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდამჭერი რიტორიკა უფრო მკვეთრია, ვიდრე რუსების პოზიცია სომეხი მოკავშირეების მიმართ. ამ შემთხვევაში რუსეთი ნეიტრალური, შერბილებული პოზიციებით გამოდის, თუმცაღა რუსული სამთავრობო არხების ანალიზი რომ გავაკეთე, ისინი თანდათანობით პროსომხური მიმართულებით იხრებიან.
„2010 წელს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დადებულია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება სამხედრო ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელშეკრულების, თუ არ ვცდები, მესამე მუხლი კოლექტიურ თავდაცვის პრინციპს ითვალისწინებს. ხოლო სომხეთსა და რუსეთს შორის მოსკოვის „ოდეკაბეს" ხელშეკრულება მოქმედებს, რომლის მეოთხე მუხლი პირდაპირ კოლექტიური თავდაცვის ფორმატში სახმედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.
„სანამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ერთმანეთის მხრიდან თავდასხმა არ განხორციელდება, მანამდე არც თურქეთს და არც რუსეთს სამართლებრივი საფუძველი არ ექნება, რომ ამ ომში ჩაებას," - განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, თუ კონფლიქტში უშუალო მონაწილე მხარეები ერთმანეთის ტერიტორიას შეეხნენ, მაშინ დიდი ალბათობით დადებული ხელშეკრულებები ამოქმედდება.
„თუ ეს მოხდა და ოკუპირებულ ტერიტორიებს და მთიანი ყარაბაღის სივრცეს გასცდა, მაშინ უკვე შესაძლოა სამართლებრივი და პოლიტიკური ხელშეკრულებები ამოქმედდეს, რუსებს რუსულ-სომხური კოალიციური დაჯგუფება უკვე აქვთ, რომელიც 6 ათასამდე ადამიანს მოიცავს საკმაოდ ძლიერი შეიარაღებით. ამიტომ, თუ რამე მოხდა, ისინი ამ ძალებს გამოიყენებენ.
„რაც შეეხება ავიაგამანადგურებელს, ჯერჯერობით იმის მტკიცებულება, რომ „ეფ 16" ჩამოგდებულია, არ გვაქვს და შესაბამისად, იმის ინდიკაციები, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებში ოფიციალურად ჩართულია, ამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
„ჯერჯერობით ფაქტები არ აქვთ. მაშინ პრესკონფერენცია უნდა გამართონ და ფოტო და ვიდეო ფაქტები წარმოაჩინონ. ეგრე სადაა - „ეფ 16" საკმაოდ დიდი, მასიური შეიარაღების თვითმფრინავია, ის ბირთვულ-ტაქტიკური იარაღის გადამტან შეიარაღების ტიპად ითვლება. ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდება ასე იოლი არაა, შესაძლებელია, მაგრამ ამის მტკიცებულება უნდა არსებობდეს", - განაცხადა მაისაიამ.